არასამთავრობო ორგანიზაციები თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გიორგი რურუას მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ სამართალწარმოების პერიოდში გამოვლენილი დარღვევები და არსებული კონტექსტი აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ რურუას საქმეზე სასამართლო სხდომების მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ გიორგი რურუას, პირადი ჩხრეკისა და სხვადასხვა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩატარებისას არამართლზომიერად შეეზღუდა საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლებები და თავისუფლებები.
„ბრალდებულს დაკავებისას არ მიეცა ადვოკატთან და ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა; დაკავებულისთვის არ განუმარტავთ უფლება-მოვალეობები; სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩატარდა გიორგი რურუას როგორც პირადი, ისე ავტომანქანის ჩხრეკაც; პირადი ჩხრეკის ოქმის შედგენისა და ცეცხლსასროლი იარაღის დალუქვისას დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები;გამომძიებელმა არაერთი საგამოძიებო მოქმედება ადვოკატის ინფორმირებისა და მონაწილეობის გარეშე ჩაატარა. საქმეში არსებული საპროცესო დარღვევები, სხვადასხვა ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად, ეჭვქვეშ აყენებს გიორგი რურუას ცეცხლსასროლ იარაღთან შემხებლობასა და მტკიცებულების ავთენტურობას“, - აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
არასამთავრობო ორგანიზაციები 8 მარტის შეთანხმებასაც ახსენებენ.
„სასამართლო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, განსაკუთრებით კი - ბოლო პერიოდში, გახშირდა საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენელთა კრიტიკული განცხადებები, რომლებშიც, პირდაპირ თუ ირიბად, გიორგი რურუას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივებთან იქნა ასოცირებული. ამის გათვალისწინებით, აღსანიშნავია, რომ 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთ პირობას წარმოადგენდა სწორედ ის, რომ მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნით გამოყენება არ მომხდარიყო, რაშიც მოიაზრება ასევე გიორგი რურუას საქმე. ხელმომწერი ორგანიზაციების შეფასებით ზემოაღნიშნული ფაქტები და კონტექსტი აჩენს კითხვის ნიშნებს გიორგი რურუას სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენის კანონიერებასთან დაკავშირებით და საფუძვლიან ეჭვს ბადებს საქმეში პოლიტიკური მოტივების არსებობაზე“, - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები არიან: ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველო, საფარი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, თბილისი პრაიდი.
30 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" მეწილე გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა თქვა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუა უნდა შეიწყალოს.
ზურაბიშვილს რურუას შეწყალებისკენ მოუწოდა ევროპარლამენტარმა ანნა ფოტიგამაც.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსმა თქვა, რომ საქართველოში სასამართლოს პოლიტიზირება გრძელდება და დაინტერესდა, დაიცავს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი 8 მარტის შეთანხმებას.