ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას მიესალმებიან და 8 მარტის შეთანხმების დარჩენილი ნაწილის აღსრულებისკენ მოუწოდებენ.
როგორც თანამომხსენებლების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შედეგად, შემდეგი მოწვევის პარლამენტი უფრო პლურალისტური იქნება, რაც მისასალმებელია.
თანამომხსენებლები მწუხარებას გამოთქვამენ, რომ შეთანხმებამ პოლიტიკური გარემოს პოლარიზაცია არ შეამცირა. ისინი მხარეებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომლებიც სამომავლოდ დაძაბულობას გაზრდის:
"მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თანამშრომლობა არჩიონ კონფრონტაციას და კოსტრუქციულად მიყვნენ 8 მარტის შეთანხმების დარჩენილი ნაწილის აღსრულებას. დამატებით, მოვუწოდებთ მხარეებს, თავი შეიკავონ განცხადებებისა და ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ დაძაბულობა და პოლარიზაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს უარყოფითად აისახება გარემოზე, რაც მართლაც დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას სჭირდება," - ნათქვამია განცხადებაში.
თანამომხსენებლები აღნიშნავენ, რომ პოლიტიკური შეთანხმება და მისგან გამომდინარე საარჩევნო სისტემა საქართველოს შესაძლებლობის ფანჯარას სთავაზობს. ისინი თხოვენ ყველა მხარეს, სრულად გამოიყენონ ეს შესაძლებლობა საქართველოს საუკეთესო ინტერესებისთვის.
აღსანიშნავია, რომ თანამომხსენებლები საქართველოში მიმდინარე წლის ნოემბერში ჩამოვლენ, რათა საქართველოზე მომზადებული ანგარიში დაასრულონ. ხსენებულ ანგარიშს თანამომხსენებლები ასამბლეას 2021 წლის იანვარში წარუდგენენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ევროპულ საქართველოსა და ნაციონალურ მოძრაობას - ოპოზიციური პარტიები ცვლილებების მხარდაჭერის წინაპირობად მთავარი არხის თანადამფუძნებლის, გიორგი რურუას, წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას ასახელებდნენ.
რურუა დღეს მიმდინარე სასამართლო პროცესზე პატიმრობაში დატოვეს.
ევროპულმა საქართველომ, ნაციონალური მოძრაობისგან განსხვავებით, ცვლილებებს პირველ მოსმენაზე მხარი დაუჭირა.
ხელისუფლება შეთანხმების მეორე ნაწილის არსებობას დღემდე უარყოფს. თუმცა, ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების ზეწოლის ფონზე, საქართველოს პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი უკვე შეიწყალა. ოპოზიციის თქმით, მესამე პატიმარი, რომლის გათავისუფლებას შეთანხმება ითვალისწინებდა, გიორგი რურუაა.
ამ დრომდე მმართველ გუნდს არა ერთმა სენატორმა, ევროპარლამენტარმა და კონგრესმენმა მოუწოდა, რომ შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და გიორგი რურუა გაათავისუფლონ საპატიმროდან.
მხარეებს შეთანხმების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებდნენ დიალოგის ფასილიტატორები.