logo
ENG



TDI: ხონისა და სამტრედიის ეპისკოპოსმა საბამ ანტისემიტური განცხადება გააკეთა

09 თებ 202119:14
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/09/lra8j1cd5unyqbm.jpg

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) აცხადებს, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის კიდევ ერთმა სასულიერო პირმა ანტისემიტური განცხადება გააკეთა. კერძოდ, საუბარია ხონისა და სამტრედიის ეპისკოპოსის, საბა (გიგიბერიას) 8 თებერვლის ქადაგებაზე. "მე არ ვაპირებ ვაქცინის გაკეთებას და თქვენ როგორც ისურვებთ, ისე გააკეთეთ. სხვათა შორის, ასეთი ინფორმაციაც მოვიდა. ჩვენ შევეცადეთ ამის დაზუსტებას და ნაწილობრივ მივიღეთ ცნობა, რომ ეს სიმართლეა. ისრაელში დაიწყეს სოლომონის ტაძრის აშენება. ამას ახლა მიხვდებით ბევრი, რომ შემთხვევით არ ვამბობ, რომ ეს მოვლენა დაკავშირებული არის ქრისტეს მეორედ მოსვლის მოახლოებასთან", - განაცხადა ეპისკოპოსმა ქადაგებისას.

TDI-ი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს საპატრიარქოს, მკაფიო პოზიცია გამოხატოს ეკლესიაში გახშირებულ ანტისემიტიზმთან დაკავშირებით და დაგმოს მსგავსი შინაარსის განცხადებები.

"მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დროულად დაგმონ ანტისემიტიზმი, ებრაელების წინააღმდეგ სიძულვილის ენის გამოყენება და გაავრცელონ ტოლერანტობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის, დისკრიმინაციის აკრძალვის მხარდამჭერი განცხადებები", - ნათქვამია NG0-ს განცხადებაში.

ცნობისთვის, 2020 წლის 20 დეკემბერს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, იოანე გამრეკელმა ანტისემიტური ქადაგებისას ებრაელებს უწოდა "ქრისტიანთა მდევნელი" და "ურწმუნო მოდგმა". მიტროპოლიტმა თქვა, რომ "ბრძოლა დღესაც გრძელდება, ეს ეთნიკური ნიშნით არ განისაზღვრება, ეს არის ურწმუნო მოდგმის ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ". მან პარალელი გაავლო ებრაელებს, "ურწმუნო მოდგმასა" და უფლებადამცველებს შორის, რომლებიც დღეს ეკლესიას აკრიტიკებენ და შესაბამისად, ამით იუდაური თემის გზას აგრძელებენ. 

4 იანვარს ანტისემიტური განცხადება გააკეთა ქუთაისის სულხან-საბას დასახლების სამების ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ილია კარკაძემაც. ის ეპისკოპოს იოანე გამრეკელს გამოექომაგა და თქვა, რომ "არსებობს  სიონისტური დაჯგუფებები, რომლებიც "მიწიური პროცესიდან არაკეთილი ძალის მხარეს დგას. კარკაძემ თქვა, რომ იოანე გამრეკელი თავის მქადაგებაში ფაქტებს ყვებოდა. 

იოანე გამრეკელის ქადაგებას საქართველოს ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია გამოეხმაურა. მან თქვა, რომ სასულირო პირს ანტისემიტური განცხადება არ გაუკეთებია. ჟვანიას მტკიცებით, მეუფე იოანე გულისხმობდა "მეოთხე საუკუნეში მომხდარ კონკრეტულ არასასიამოვნო ფაქტს".

ორგანიზაცია ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, იოანე გამრეკელის ანტისემიტურ ქადაგებას "უკიდურესად შემაშფოთებელი" უწოდა. ორგანიზაციამ მოუწოდა იოანე გამრეკელს, ბოდიში მოიხადოს თავისი განცხადებებისთვის. 

საქართველოს საგარეო საქმეტა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა Twitter-ზე დაწერა, რომ "ანტისემიტიზმის უმცირესი გამოვლინებაც კი ვერასოდეს იპოვის ადგილს ქართველის გულსა და ცნობიერებაში". მან აღნიშნული ტვიტი მას შემდგე გამოაქვეყნა, რაც საქართველოში ისრაელის ელჩმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, რომ დაგმოს ანტისემიტური გამოსვლები.

აღსანიშნავია, რომ სასულიერო პირების ქადაგებებეის პარალელურად, სოციალურ ქსელებში არაერთი ანტისემიტური შინაარსის კომენტარი გაჩნდა.


close დახურვა