logo
ENG



TI: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა თვითნებურად და უსამართლოდ მიმდინარეობს

24 ივნ 202118:07
3 წუთის საკითხავი
 
2021/06/24/6pl9510bn2ga3nx.jpg

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს შეფასებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევა თვითნებურად და უსამართლოდ მიმდინარეობს.

საქმე ეხება 17 ივნისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თანამდებობაზე 9 კანდიდატის შერჩევას

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ კანდიდატების შერჩევის მიზნით საბჭოში მიმდინარე პროცესი არსებითად პრობლემური იყო, რადგან საბჭოს წევრების შეფასებები აჩენდა არათანმიმდევრულობის, კანდიდატების მიმართ უთანასწორო დამოკიდებულების და შაბლონურობის შთაბეჭდილებას.

"მართლმსაჯულების სისტემაში არსებული გავლენებისა და კორპორატივიზმის შესახებ წლებია აქტიურად საუბრობენ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო აქტორები და დარგის სპეციალისტები. კლანური ძალაუფლების და სასამართლო სისტემის მანკიერი მართვის მთავარი ღერძი იუსტიციის უმაღლეს საბჭოშია მოქცეული, რომლის გავლითაც წარიმართება ყველა მნიშვნელოვანი პროცესი სასამართლოში. სისტემაში არსებული მძიმე პრობლემები პირდაპირ აისახება საზოგადოებრივ ნდობაზე. ბოლო წლების გამოკითხვები აჩვენებს სასამართლო ხელისუფლებისადმი საზოგადოების დიდი ნაწილის მკვეთრ გაუცხოებას და ნდობის აშკარა კრიზისს", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ორგანიზაციის განცხადებით, საკითხი კიდევ უფრო გაამძაფრა იმ ფაქტმა, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის 28 აპრილის რეკომენდაცია.

"ვენეციის კომისია, რეფორმების საჭიროების გათვალისწინებითა და კანდიდატების თანასწორობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს ხელისუფლებას მოსამართლეთა კონკურსის ხელახლა გამოცხადებას სთავაზობდა. ამის მიუხედავად, კანდიდატების შერჩევის პროცესი გაგრძელდა და იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 1 ივნისს გამოაქვეყნა კონკურსში მონაწილე პირების ინდივიდუალური შეფასებები, ხოლო 17 ივნისის გადაწყვეტილებით, პარლამენტს წარუდგინა საუკეთესო შეფასების მქონე 9 კანდიდატი. კონკურსის მონაწილეების შეფასებების ანალიზი არაერთი მიმართულებით აჩვენებს ხარვეზებს და ეჭვქვეშ აყენებს ზოგადად კონკურსის სამართლიანობასა და სანდოობას", - ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს განცხადებაში.

მათივე თქმით, აუცილებელია, პარლამენტმა კანდიდატების უზენაეს სასამართლოში განწესების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს საპარლამენტო ოპოზიციასთან პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე; თუკი ოპოზიციასთან კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია, პარლამენტმა უარი თქვას მოსამართლეების დანიშვნაზე მანამ, სანამ არ გატარდება მართლმსაჯულების სისტემური რეფორმა.

ცნობისთვის, აშშ-ის საელჩომ საქართველოში 19 აპრილის შეთანხმების ხელმომწერებს გუშინ კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებს სასამართლოში "მიმდინარე დანიშვნების შეჩერებას" და რომ მათ აიღეს ვალდებულება, გატარდეს მართლმსაჯულების ღრმა და ინკლუზიური რეფორმა, ასევე, მიღებულ იქნეს ახალი კანონმდებლობა უზენაეს სასამართლოში კანდიდატების წარდგენისთვის. 

Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებას საელჩომ თან დაურთო შეთანხმების დოკუმენტი, რომელშიც შესაბამისი პუნქტები ყვითლად არის მონიშნული.

საელჩოს ამ განცხადებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ბრიფინგი, რომელმაც თქვა, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი პარლამენტში არ შეჩერდება, 19 აპრილის შეთანხმებაში გაწერილი რეფორმის პუნქტები კი ხელისუფლებას ხელმოწერამდეც შესრულებული ჰქონდა.

საკითხს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ მიშელის დოკუმენტში მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით სიტყვა "პაუზა" წერია და არა "შეჩერება", რაც მისივე თქმით, "ორი სხვადასხვა რამეა".

ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებას მოუწოდებს, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი შეაჩეროს.

არაერთი მოწოდების მიუხედავად, 17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა - მოსამართლეთა სია დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნა.

სია შემდეგნაირად გამოიყურება:

  • გიორგი გოგიაშვილი
  • გოჩა აბუსერიძე
  • ლევან თევზაძე
  • ქეთევან მესხიშვილი
  • გიორგი შავლიაშვილი
  • რევაზ ნადარაია
  • ბიძინა სტურუა
  • ეკა ზარნაძე
  • ლაშა ქოჩიაშვილი

კელი დეგნანმა, კარლ ჰარცელმა და ნატალია ვუტოვამ 21 მაისსაც მიმართეს წერილით მმართველ გუნდს, სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე შეეჩერებინათ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების არჩევა და იუსტიციის საბჭოს წევრების დანიშვნა. 

​ელჩებმა წერილით მმართველ გუნდს შეახსენეს შარლ მიშელის დოკუმენტით აღებული ვალდებულებები და ხაზი გაუსვეს, რომ მათ შესრულებაზე იქნება დამოკიდებული საქართველოს ფინანსური დახმარება.

ამაზე კახა კუჭავამ მათ უპასუხა, რომ როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვალდებულია, უზურნველყოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ არჩევისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნის პროცესი. 

რა წერია შეთანხმებაში?

შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების დოკუმენტით, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ საარჩევნო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.

ასევე, დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც. რეფორმების შესაფასებლად მოთხოვნები შედგება და გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს, მათი რეკომენდაციები კი სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული.

 

close დახურვა