logo
ENG



TI: შენგელიას წინააღმდეგ დაწყებული დისციპლინური წარმოება ანგარიშსწორების აღქმას აჩენს

15 ივლ 202013:38
3 წუთის საკითხავი
 
nns2r5ep0evhi7j.png

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“ ბაჩანა შენგელიას საქმეს განცხადებით ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ იუსტიციის მინისტრის მიერ დაწყებული დისციპლინური წარმოება მიკერძოებისა და ანგარიშსწორების აღქმას აჩენს.

ორგნიზაცია აღნიშნავს, რომ შენგელიას მიმართ დაწყებული დისციპლინური წარმოება რამდენიმე მიმართულებით არის პრობლემური და იუსტიციის მინისტრის მხრიდან მიკერძოებულობისა და შერჩევითობის  აღქმას აჩენს. კერძოდ: მინისტრის დებულებაში შეტანილი ცვლილების ქრონოლოგია დისციპლინირების მექანიზმის ანგარიშსწორების ინსტრუმენტად გამოყენების შთაბეჭდილებას ქმნის.

"ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს იუსტიციის მინისტრის დებულება განსაზღვრავს. 2020 წლის 22 მაისამდე პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპისა და  ნოტარიუსთა ეთიკის კოდექსის მოთხოვნების დარღვევა საშუალო დისციპლინურ გადაცდომად ითვლებოდა, რისთვისაც გაფრთხილება ან საყვედური იყო გათვალისწინებული. მიმდინარე წლის 22 მაისს იუსტიციის მინისტრმა ცვლილება შეიტანა დებულებაში და იგი მძიმე დისციპლინურ გადაცდომად განისაზღვრა. ამ გადაწყვეტილებამ მინისტრს მისცა ბერკეტი, დისციპლინური გადაცდომის დადგენის შემთხვევაში, ბაჩანა შენგელიას მიმართ არა საყვედური ან გაფრთხილება, არამედ 1 თვიდან 2 წლამდე სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების სანქცია გამოიყენოს.

ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ 2020 წლის 22 მაისამდე დებულება ბოლოს 2016 წელს შეიცვალა. დისციპლინირების საფუძველი სათანადოდ განჭვრეტადი არ არის და გარდა ამისა, შესაძლოა, კონსტიტუციასთანაც მოდიოდეს წინააღმდეგობაში საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ამასთან, უფლების შემზღუდავი აქტი უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევას და არ უნდა იყოს თვითნებური და დაუსაბუთებელი. ის უნდა პასუხობდეს განჭვრეტადობის, განსაზღვრულობისა და ხელმისაწვდომობის კრიტერიუმებს. მოცემულ შემთხვევაში, გაუგებარია, რა იგულისხმება „პოლიტიკურ ნეიტრალიტეტში“ ან „მიკერძოებულ პოლიტიკურ შეხედულებებში“ და კონკრეტულად რა ტიპის ქცევას კრძალავს აქტი. აუცილებელია, რომ ნორმატიული აქტი იყოს წინასწარ განჭვრეტადი და ზუსტად განსაზღვრული, რათა არ მოხდეს ნორმის თვითნებური და შერჩევითი გამოყენება. ამ ნორმის თვითნებურმა განმარტებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს პირის გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა,"- ნათქვამია TI-ს განცხადებაში.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საპარლამენტო კონტროლის გვერდის ავლით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვამ თვითნებური და არაპროპორციული შეზღუდვების დაწესების საფრთხე შექმნა. შესაბამისად, შესაძლოა კონსტიტუციის ფორმალური მოთხოვნის უგულებელყოფა ნორმის არაკონსტიტუციურობის საფუძველი გახდეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მიიჩნევს, რომ ბაჩანა შენგელიას მიმართ აღძრული დისციპლინური საქმე ზემოაღნიშნულ საგამონაკლისო წესში არ ექცევ:  "იუსტიციის სამინისტროდან მიღებული წერილით ირკვევა, რომ დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი ბაჩანა შენგელიას მიერ სოციალური ქსელის მეშვეობით მიკერძოებული პოლიტიკური შეხედულების საჯარო გამჟღავნება და პოლიტიკურ შეფასებების გაკეთება გახდა“.

არასამთავრობო ორგანიზავია მოუწოდებს იუსტიციის სამინსიტროს, რომ შეჩერდეს დისციპლინური წარმოება ბაჩანა შენგელიას საკონსტიტუციო სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

ცნობისთვის, 13 ივლისს ბაჩანა შენგელიამ გენერალურ პროკურატურას იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა. მიზეზი ისაა, რომ მიუხედავად საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებისა, იუსტიციის სამინისტრო მას ამ დრომდე უკანონოდ  უზღუდავს სანოტარო საქმიანობის სისტემასთან წვდომას.

შენგელიას ნოტარიუსის საქმიანობა წელს 18 ივნისს შეუჩერდა - ხოლო 29 ივნისს ცნობილი გახდა, რომ Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტების გამო, მის წინააღმდეგ კიდევ ერთი დისციპლინური სამართალწარმოება დაიწყო. ამის შემდეგ საქალაქო სასამართლომ დაავალა იუსტიციის სამინისტროს მისთვის სანოტარო პროგრამებთან წვდომის აღდგენა, რაც დღემდე არ სრულდება.

ბაჩანა შენგელიამ სარჩელი ასევე საკონსტიტუციო სასამართლოშიც შეიტანა. იგი იმ ნორმის არაკონსტიტუციორად ცნობას ითხოვს, რომლითაც იუსტიციის სამინისტრომ მის მიმართ დისციპლინური დევნა დაიწყო, მიზეზად კი პოლიტიკურად მოტივირებული Facebook პოსტი დაასახელა.  სარჩელი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად მომზადდა.

 

 


close დახურვა