logo
ENG



TI და ISFED: შემაშფოთებელია, რომ შსს განაგრძობს აქციის მონაწილეების უკანონოდ დაკავებას

04 ივნ 202317:35
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/04/o8ymzds7cgg8ujd.jpg

არასამთვრობო ორგანიზაციები საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI) და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან.

NGO-ის თქმით, შემაშფოთებელია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ განაგრძობს მშვიდობიანი აქციის მონაწილეების უკანონოდ დაკავების პრაქტიკას, რაც გამოხატვის თავისუფლებაში უხეში ჩარევაა და ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს.

ისინი მოუწოდებენ უწყებას, შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დაკავება, გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვა და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა დაკავებული.

"ვეხმიანებით ბათუმში, ევროპის მოედანზე განვითარებულ მოვლენებს. გუშინ, 3 ივნისს, ბათუმში მშვიდობიან აქციაზე ბანერების გაშლის გამო პოლიციამ ექვსი პირი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი დააკავა.

შემაშფოთებელია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ განაგრძობს მშვიდობიანი აქციის მონაწილეების უკანონოდ დაკავების პრაქტიკას, რაც გამოხატვის თავისუფლებაში უხეში ჩარევაა და ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს.

როგორც ცნობილია, 2 ივნისს, თბილისში პარლამენტის წინ, მსგავსი შინაარსის ბანერების გამო, მშვიდობიანი შეკრების 7 მონაწილე დააკავეს, რომლებიც თელავის, გურჯაანისა და დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორებში გადაიყვანეს. შსს-ს ამ დრომდე, დაკავებულთა რეგიონალურ იზოლატორებში გადაყვანის საჭიროებასთან დაკავშირებით რაიმე განმარტება არ გაუკეთებია. რაც ამძაფრებს ეჭვებს, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი, დაკავებულთათვის დაცვის უფლების შეზღუდვა და ადვოკატებთან შეუფერხებელი კომუნიკაციის ხელშეშლა შეიძლება ყოფილიყო. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დაკავებულებს დაუსაბუთებლად, დაკავების ვადა 48 საათამდე გაუხანგრძლივდათ.

შემაშფოთებლად მიგვაჩნია შსს-ს მხრიდან მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების თვითნებური და კანონსაწინააღმდეგო დაკავების ტენდენციური ხასიათი.

მოვუწოდებთ შსს-ს, შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დაკავება, გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვა და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა დაკავებული", - ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ ბათუმში, ევროპის მოედანზე გამართულ აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს. აქცია თბილისის აქციის პარალელურად მიმდინარეობდა, თუმცა მოქალაქეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მალევე დაიწყო.

კერძოდ, პოლიციამ მოქალაქეებს პლაკატების გამო დაუპირისპირდა, რასაც შემდგომ აქტივისტების დაკავება მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა: თაზო მახარაძე, ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან გორგილაძე, ლუკა ნაცვლიშვილი და ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის ნოდარ დუმბაძის შვილი, გიორგი დუმბაძე. ლუკა ნაცვლიშვილი და გიორგი დუმბაძე არასრულწლოვანები არიან. ნაცვლიშვილი ის მოსწავლეა, რომელმაც რამდენიმე თვის წინ, სკოლაში, რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დროშა ჩამოხია.

მოგვიანებით გაირკვა, რომ პოლიციამ ნაციონალური მოძრაობის წევრი მირდატ ქამადაძეც დააკავა.

2 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ბანერების გამო მოქალაქეები დააკავა. ძირითადად ამ ბანერებზე პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო ნახსენები. როგორც ცნობილია, დაკავებულია 7 ადამიანი. 

დაკავებულს შორისაა საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი. თვითმხილველები ამბობენ, რომ მას ცარიელი ფურცელი ეჭირა ხელში. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციასთან დაპირისპირების გამო რამდენიმე ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. 

თავდაპირველად პარლამენტთან მოქალაქეები ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ, რომელიც პირველ ივნისს კარვის გაშლის მცდელობის გამო დააკავეს. სასამართლომ ის 2000 ლარით დააჯარიმა. 

მშვიდობიან აქციაზე პირველი დააკავეს ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელსაც ეჭირა ბანერი წარწერით "ირაყლი". მოგვიანებით დააკავეს, კიდევ სამი მოქალაქე, მათ შორის გირჩი - მეტი თავისუფლების წევრი. მას ასომთავრულით დაწერილი ბანერი ჰქონდა.

საია-ს თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე გამოეხმაურა გუშინ აქციაზე დაკავებული აქტივისტებისთვის დაკავების ვადის გახანგრძლივებას და განაცხადა, რომ დაკავების 24 საათის ნაცვლად 48 საათამდე გახანგრძლივების პრაქტიკას შსს, ძირითადად, აქტივისტების შემთხვევაში, სადამსჯელოდ იყენებს.


close დახურვა