ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის პარლამენტის შენობა აიღეს. ინფორმაციას Times of Israel სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ "პალესტინის საკანონმდებლო საბჭოს შენობა ღაზაში მხოლოდ ჰამასის დეპუტატებს ემსახურება მას შემდეგ, რაც ტერორისტულმა დაჯგუფებამ 2007 წელს ღაზის სექტორი დაიპყრო".
მანამდე, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ჰამასმა ღაზის სექტორზე კონტროლი დაკარგა.
***
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.