Twitter-მა აშშ-ის ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიში სამუდამოდ გააუქმა. კომპანიამ მიზეზად ძალადობის წაქეზების რისკი დაასახელა.
Twitter-ის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ტრამპის ბოლო ტვიტების დეტალურად მიმოხილვის შემდეგ მიიღო. მანამდე ტვიტერმა პრეზიდენტს ანგარიში 12 საათით დაუბლოკა, მას შემდეგ, რაც კაპიტოლიუმში მისი მხარდამჭერები შეიჭრნენ.
"დონალდ ტრამპის ტვიტების და მის ირგვლივ კონტექსტის დეტალურად მიმოხილვის შემდეგ - კონკრეტულად, იმის გაანალიზების შემდეგ, თუ როგორ არის ინტერპრეტირებული ტრამპის განცხადებები ტვიტერზე და მის მიღმა, ჩვენ სამუდამოდ შევაჩერეთ მისი ანგარიში, ძალადობის შემდგომი წაქეზების რისკის გამო.
მიმდინარე კვირას განვითარებული საშინელი მოვლენების ჭრილში, ჩვენ ცხადად განვმარტეთ, რომ ტვიტერის წესების დამატებით დარღვევას შესაბამისი შედეგები მოჰყვებოდა. საზოგადოებრივი ინტერესის შესახებ ჩვენი ჩარჩო არსებობს იმისთვის, რომ საზოგადოებამ პირდაპირ გაიგოს არჩეული ოფიციალური პირების და მსოფლიო ლიდერების ხმა. ის აგებულია პრინციპზე, საზოგადოებამ ღიად აკონტროლოს ანგარიში.
თუმცა, ჩვენ ასევე ღიად ვთქვით, რომ ეს ანგარიშები არ არის ჩვენი წესების მიღმა და ისინი ვერ გამოიყენებენ Twitter-ს ძალადობისთვის. ჩვენ კვლავ ვიქნებით გამჭვირვალეები ჩვენი პოლიტიკის და მისი განხორციელების მიმართ". - წერია კომპანიის განცხადებაში.
ტრამპს ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე, 14 დღით შეუჩერა ანგარიში Facebook-მაც.
კაპიტოლიუმის შენობაში ტრამპის მხარდამჭერები 6 იანვარს შეიჭრნენ. დაიღუპა 4 ადამიანი. დაშავდა რამდენიმე სამართალდამცველი.
თავად პრეზიდენტმა ტრამპმა Twitter-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომლითაც მომიტინგეებს სახლში წასვლისკენ მოუწოდა, თუმცა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მას და მის მხარდამჭერებს არჩევნები მოპარეს.
მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრანტებმა ორპალატიანი სხდომის ჩაშლა სცადეს, ამერიკის კონგრესმა შენობის მომიტინგეებისგან გათავისუფლების და სხდომის გაგრძელების შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ოფიციალურად მაინც დაამოწმა.
მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი და რესპუბლიკელების ნაწილი სამი თვეა აშშ-ის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, დემოკრატი კანდიდატის ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს შედგება, თეთრი სახლის ადმინისტრაციას კი ტრანზიციის პროცესი უკვე დაწყებული აქვს.