ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები განათლების სამინისტროს არაეფექტიან მუშაობაში ადანაშაულებენ. „ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგო რატიანის თქმით, ხელისუფლებას არ შეუფასებია რისკები, ასევე არ ჩაუტარებია კვლევა, რამდენად ეფექტიანი ან არაფექტიანი იყო დისტანციური სწავლება.
„ეს ავტონომია მაშინ გაახსენდათ, როდესაც არ აქვთ თვითონ გეგმა და არ იციან, რა გააკეთონ. ამის დასტურია ისიც, რომ არ არსებობს კვლევა, თუ გავლილი სემესტრი რამდენად წარმატებული ან წარუმატებელი იყო. მეც მივწერე წერილი და ეს საკითხი არ არის გააზრებული. წარმატება სადაც ჰქონდათ, ისიც კი არ იციან, ან წარუმატებლობა. სრულიად აბსურდულია ორი ცვლის გაკეთება, რადგან შესაძლებელია სასწავლო შინაარსი ისე გადავაწყოთ, რომ ერთი კვირის განმავლობაში შევათავსოთ დისტანციური სწავლება და მეორე ნახევარში იყოს შეხვედრები“, - განაცხადა სერგო რატიანმა.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, სწავლების პროცესში ინტერნეტიზაციის პრობლემაზეც ამახვილებენ ყურადღებას. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დათო ლაგვილავა აცხადებს, რომ განათლების სამინისტრომ მოსწავლეების ინტერესების დასაკმაყოფილებლად შესაბამისი ნაბიჯები არ გადადგა.
„განათლების სამინისტრომ არაფერი გააკეთა, რომ მოსწავლეების და სტუდენტების ინტერესები დაეკმაყოფილებინა. ვგულისხმობ იმას, რომ ჯერ კიდევ 2014 წელს ბიძინა ივანიშვილი, როცა პრემიერ-მინისტრი გახდა, დაჰპირდა მოსახლეობას რომ 100 მილიონ დოლარს დახარჯავდა მთელი საქართველოს რეგიონების ინტერნეტიზაციისთვის. გარდა იმისა, რომ ტექნიკური პრობლემები შეექმნათ მოსწავლეებს და სტუდენტებს, მათ ჰქონდათ ფინანსური პრობლემაც და ამ მიმართულებითაც სახელმწიფომ და განთლებისა და მეცნიერების სამინისტრომ არანაირი ნაბიჯი არ გადადგა“, - აცხადებს დათო ლაგვილავა.
შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტრო 2020-21 სასწავლო წლებისთვის სიახლეებს გეგმავს. როგორც გამოცემა edu.aris.ge იუწყება, სასწავლო პროცესი შესაძლოა, კვლავ დისტანციურად გაგრძელდეს ან ნაკადების მოწესრიგების მიზნით, ორცვლიანი ფორმატით განახლდეს.