logo
ENG



ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ომბუდსმენად იოსელიანის კანდიდატურას 6 მარტს განიხილავს

05 მარ 202312:55
3 წუთის საკითხავი
 
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ომბუდსმენად იოსელიანის კანდიდატურას 6 მარტს განიხილავს
ვახო ქარელი/ფორმულა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სახალხო დამცველის თანამდებობაზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას 6 მარტს განიხილავს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

სახალხო დამცველის პოზიციაზე კანდიდატად ლევან იოსელიანი მისივე პარტია მოქალაქეებმა წარადგინა. იოსელიანს მხარს ოპოზიციის ნაწილი უჭერს.

28 თებერვალს ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ პარტია მოქალაქეების ომბუდსმენობის კანდიდატი ლევან იოსელიანი იქნება. იმავე დღეს ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ლევან იოსელიანის ომბუდსმენობის კანდიდატობასთან დაკავშირებით "ლიდერების დონეზე" გარკვეული კონსულტაციები იყო. იოსელიანის კანდიდატურის მიმართ მხარდაჭერა დააფიქსირეს დეპუტატებმა, თამარ კორძაიამ და ხათუნა სამნიძემაც.

2022 წლის დეკემბერში მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. მმართველმა პარტიამ ომბუდსმენის კანდიდატურა არ წარადგინა. სახალხო დამცველობის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს 19-მა ადამიანმა მიმართა.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ომბუდსმენის პოსტზე 3 პირის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი. ესენი არიან: ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი. მათ მხარს უჭირდა ოპოზიციის ნაწილიც. 

პარლამენტმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს კენჭი 22 დეკემბერს უყარა. საკანონმდებლო ორგანომ ომბუდსმენის თანამდებობაზე ვერც ერთი წარდგენილი კანდიდატი ვერ აირჩია.

 

 
 
 
 

close დახურვა