logo
ENG



ადვოკატების თქმით, შატალოვას საქმის ფარგლებში დაკავებულებს დანაშაულის აღიარება მოსთხოვეს

19 ოქტ 202111:49
3 წუთის საკითხავი
 

ადვოკატების ინფორმაციით, 25 წლის ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმის ფარგლებში სამი პირი დააკავეს, მათ შორის არიან ბიძინა ხასია და ბექა ლატარია. მათ მკვლელობას არ ედავებიან, თუმცა იურისტების ცნობით, გამოკითხვა სწორედ შალატოვას საქმეს უკავშირდებოდა. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმეზე დაკავებას ოფიციალურად არ ადასტურებენ. 

ადვოკატ სოსო კორკელიას განცხადებით, ბიძინა ხასიას დანაშაულის დაფარვას ედავებიან, თუმცა, როგორც ყვება, ბრალდებულმა არ იცის, რა სახის დანაშაულზეა საუბარი. 

მისივე მტკიცებით, სამართალდამცველები დაკავებულს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ბრალის აღიარება მოსთხოვეს. მისივე თქმით, ხასიას ცემის კვალი ეტყობა, ფაქტზე კი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უკვე ინფორმირებულია

"მას ედავებიან დანაშაულის დაფარვას, მაგრამ რა დანაშაულის დაფარვაა, მკვლელობაა, თუ ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვის დაფარვა უცნობია. სასტიკად იყო ნაცემი. მივწერეთ კიდეც ინსპექტორს. ბრალდებულს უჭირდა საუბარი, აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები.

დილის საათებიდან იგი იყო გლდანი-ნაძალადევის მე-9 სამმართველოში. მასზე ძალადობდნენ პოლიციელები და სთხოვდნენ ეღიარებინა დანაშაული, თუმცა ვერ ასახელებს, რა დანაშაულის აღიარებას სთხოვდნენ", - ყვება ადვოკატი სოსო კორკელია.

კიდევ ერთ დაკავებულ ბექა ლატარიას ნარკოტიკული საშუალების შეძენა–შენახვას ედავებიან, თუმცა ადვოკატის თქმით, გამომძიებლის კითხვების მის მიმართ ანასტასია შატალოვას ეხებოდა.

"გუშინ მთელი დღის განმავლობაში ვეძებდით. შეიძლება ითქვას, რომ საგულდაგულოდ მალავდნენ ბექა ლატარიას, ანუ მისი ადგილსამყოფელი ვერ დავადგინეთ. ედავებიან 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, თუმცა, როცა მე მას ვესაუბრე, მას ძირითადად, კითხვებს უსვამდნენ ანასტასია შატალოვას მკვლელობაზე.

ასევე, მან მითხრა, რომ აჩვენებდნენ მოკლულის ვიდეოს, ეუბნებოდნენ, რომ ის შენ მოკალი, რა სინდისით უნდა იცხოვრო და ა.შ. ბექა მას [ანასტასია შატალოვას] არ იცნობდა, არანაირი შეხება არ ჰქონია და ბრალს არ აღიარებს. დუმილის უფლებას იყენებს", - ამბობს ადვოკატი გიორგი ლაღიძე.

საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცველები გუშინ, 18 ოქტომბერს ბათუმის ყოფილი ვიცე მერის ზურაბ ბერიძის ბინაში იყვნენ. მათ კომპიუტერები ამოიღეს. ბერიძეს შატალოვასთან საერთო შვილი ჰყავს.

დაახლოებით 1 წლის წინ შატალოვამ თქვა, რომ ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი ზურაბ ბერიძე მას შვილი ნახვის უფლებას არ აძლევდა, რის გამოც მის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო.

ინტერვიუში ქალი ყვება, რომ ბერიძე მას აშინებდა, აშანტაჟებდა და ფარულადაც უსმენდა. მისივე თქმით, ბავშვი მოტყუებით წაართვა და წაყვანის შემდეგ მასთან მიახლოების უფლებას არ აძლევდა. მეტიც, მას იარაღითაც ემუქრებოდა. 

ანასტასია შატალოვა თბილისში, 17 ოქტომბერს გვიან ღამით მოკლეს.

 


close დახურვა