logo
ENG



ადვოკატი: ბაჩიაშვილს პოლიტიკური მრწამსის გამო სახელმწიფო აპარატით ესხმიან თავს

07 ივლ 202313:13
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/07/i3u2yssceosf8vg.jpeg

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის უფლებადამცველი საერთაშორისო იურიდიული ფირმის Amsterdam & Partners-ის დამფუძნებლის თქმით, ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია და ფაქტებს არ ეფუძნება.

საერთაშორისო იურიდიული კომპანიის დამფუძნებელმა და ბაჩიაშვილის ადვოკატმა რობერტ ამსტერდამმა, საქმის შესახებ განცხადებაში დაწერა, რომ Amsterdam & Partners ბაჩიაშვილის საერთაშორისო მრჩეველი იქნება და მისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად "აგრესიულად იმოქმედებს".

"ჩვენს ფირმას აქვს პატივი იყოს საერთაშორისო მრჩეველი ბატონი ბაჩიაშვილისთვის და ჩვენ ვაპირებთ, ვიმოქმედოთ აგრესიულად, რათა ამ აბსურდული, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების წინაშე მისი უფლებები და უდანაშაულობა დავამტკიცოთ.

ჩვენ მკაფიოდ ვხედავთ, რომ ამ ბრალდებების სათავე არაა დაფუძნებული რაიმე ფაქტობრივ აღმოჩენებში ან სერიოზულ გამოძიებაში, არამედ ეს ბრალდებები იარაღად ქცეული სამართლებრივი დევნის შედეგია" - წერია განცხადებაში.

რობერტ ამსტერდამი აცხადებს, რომ გიორგი ბაჩიაშვილს თავს მისი პოლიტიკური მრწამსის გამო ესხმიან და ეს ბრალდებები ქვეყნისთვის სამარცხვინოა.

იურისტის თქმით, საერთაშორისო კომპანია საქართველოში ადვოკატებთან და საერთაშორისო ჩართულობით ეცდება ბაჩიაშვილის სიმართლე დაამტკიცოს.

"გიორგი ბაჩიაშვილი არის ძალიან წარმატებული მეწარმე უნაკლო რეპუტაციით და რომელსაც ახლა მისი პოლიტიკური მრწამსის გამო თავს ესხმიან სახელმწიფო აპარატით, რომელსაც ძარცვის ინსტრუმენტად ბოროტად იყენებენ. ეს ბრალდებები სირცხვილია ქვეყნისთვის და ჩვენ ვაპირებთ დავიცვათ ჩვენი კლიენტი ყველა ხელმისაწვდომი ზომით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენს ადვოკატთან ერთად საქართველოში და საერთაშორისო დონეზე." - აცხადებს რობერტ ამსტერდამი.

6 ივლისს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

პროკურატურა თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილის ბიძინა ივანიშვილის ფულის მითვისებას ედავება. ამის შესახებ ცნობილი სასამართლო პროცესზე გახდა.

ბაჩიაშვილი 2013-2019 წლებში თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი იყო, ამჟამად კი მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებს.

პროკურატურა მას 39 მილიონი დოლარის მითვისებას ედავება.

პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა 2015 წლის ზაფხულში, მის მიერ პირადად მობილიზებული და ინვესტორის მიერ გადაცემული თანხებით კრიპტოვალუტა - ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა.

სასამართლომ ბაჩიაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონი ლარი შეუფარდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბაჩიაშვილს ქვეყნის დატოვებაც აეკრძალა.


close დახურვა