logo
ENG



აკაკი ბობოხიძე: გახარიამ მეტი დამაჯერებლობისთვის დღეს 2 წერტილი გვესროლა და ორივე ააცილა

09 მაი 202012:39
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერ-მინისტრის განცხადებას პოლიტიკური სპექტრი ეხმიანება. ოპოზიცია გიორგი გახარიას ურჩევს, მეტი ყურადღებით გაეცნოს საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკას და პასუხისმგებლობით მოეკიდოს 8 მარტს აღებული ვალდებულებების შესრულებას.  

„როგორც ჩანს, პანდემიის ფონზე ბატონ გახარიას მეხსიერებამ უმტყუნა, აღარ ახსოვს, ცოტა ხნის წინ ბოდიშებით რომ ესაუბრებოდა საზოგადოებას. უახლოეს მომავალში კიდევ სხვა ბევრი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი კიდევ ერთხელ გაახსენებს იმ ვალდებულებებს, რომელიც ხელისუფლებას აქვს აღებული და ასევე შეახსენებს იმას, თუ რა შედეგი მოჰყვება ხელისუფლების მხრიდან 8 მარტის შეთანხმებაზე უარის თქმას, ორივე ნაწილში, რაც შეეხება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და საარჩევო სისტემის ცვლილებას“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრი აკაკი ბობოხიძე გიორგი გახარიას მოუწოდებს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს უცხოელი პარტნიორების წერილებს და გაითვალისწინოს ის შენიშვნები, რომელიც 8 მარტის ხელშეკრულების შეთანხებას ეხება.

„ბატონმა გახარიამ მეტი დამაჯერებლობისთვის დღეს 2 წერტილი გვესროლა და ორივე ააცილა. ვურჩევდი, რომ მეტი პასუხისმგებლობით მოეპყრას უცხოელი პარტნიორების განცხადებას და წაიკითხოს მაინც. არსად არცერთ განცხადებაში პოლიტპატიმრები არ არის იმიტომ, რომ ჩვენი პარტნიორები დიპლომატიურ ეტიკეტს იცავენ, თუმცა ისინი ითხოვენ 8 მარტის შეთანხმების შესრულებას და ყველა აღნიშნავს, რომ ეს შეთანხმება არის 2-ნაწილიანი. ერთი - ეს ეხება საარჩევნო სისტემის შეცვლას, ხოლო მეორე ნაწილი - მართლმსაჯულების სფეროს და კონკრეტულად სამი პატიმრის გარეთ ყოფნას.

გიორგი გახარიამ დღეს ანდრიუს კუბილიუსის წერილთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი!“ 
გიორგი გახარიას თქმით, ხელისუფლება დადებულ პირობას შეასრულებს.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს მთავრობას ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მოუწოდა. მან სოციალურ ქსელში კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე. 


close დახურვა