logo
ENG



ანალიზების თანახმად, საქართველოს ორ მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდგინდა

04 თებ 202013:22
3 წუთის საკითხავი
 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს ორ მოქალაქეს, რომელთა ანალიზებსაც როტერდამში იკვლევდნენ, კორონავირუსი არ დაუდგინდათ.

გამყრელიძის თქმით, ქართულმა მხარემ პასუხები დღეს მიიღო და ის ლუგარის ლაბორატორიაში გადამოწმდა.

„დღევანდელი მონაცემებით, 3 235-ით მოიმატა ლაბორატორიულად დადასტურებულმა შემთხვევებმა. ერთიანად ეპიდაფეთქების შემდეგ ეს არის 20 438 შემთხვევა. შესაძლო შემთხვევათა რიცხვი, რომელზეც კვლევები მიმდინარეობს, არის დაახლოებით 23 000 ადამიანი. სამწუხაროდ, არის 425 გარდაცვალება. პროგრესია სწრაფად გამოჯანმრთელებულ ადამიანთა შორის - 632 ადამიანი გამოჯანმრთელდა და გაეწერა საავადმყოფოდან. 

რაც შეეხება საქართველოს, ამ ეტაპზე არ გვაქვს კორონავირუსის ინფექციის არც ერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. დაკვირვების ქვეშ არის ექვსი ადამიანი. მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება იყო ორ ადამიანზე. გასულ პარასკევს ჩვენთან ჩატარდა კვლევა 22 რესპირატორულ ვირუსზე და პასუხი ყველაზე იყო უარყოფითი. ამ დილით როტერდამიდან მოგვივიდა პასუხი, რომ ორივე შემთხვევაში უარყოფითია პასუხი“, - განაცხადა გამყრელიიძემ.

დღევანდელი მდგომარეობით, ინფექციურ საავადმყოფოში ოთხ პაციენტზე მიმდინარეობს დაკვირვება.


close დახურვა