საქართველოში კოვიდ 19-ით დაინფიცირების შემთხვევების ზრდასთან ერთად, ფართოვდება მედიკოსთა კლასტერიც. 188 პაციენტს შორის 5 მედპერსონალის წარმომადგენელია, კარანტინსა და თვითიზოლაციაში კი იმყოფება სამი სამედიცინო დაწესებულების 50-ზე მეტი თანამშრომელი.
ჯანდაცვის მინისტრი ამტკიცებს, რომ სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების მიზეზი ეკიპირებისა და კლინიკების აღჭურვილობის პრობლემა არ არის.
სრულიად განსხვავებული და მძიმეა ის სურათი, რომელსაც ცხელების ცენტრის პაციენტები აღწერენ. ანტისანიტარია და საერთო საპირფარეშოებია იქ, სადაც დღეს ექთნის ორ თანაშემწეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ერთ-ერთი ვერსიით, მათი დაინფიცირების წყარო 80 წლის პაციენტია, რომელიც გარდაცვალებამდე მკურნალობას სწორედ თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გადიოდა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული 188 შემთხვევაა ქვეყანაში - აქედან 36 პაციენტი უკვე გაწერილია, ხოლო სამწუხაროდ 2 პაციენტი გარდაიცვალა.