logo
ENG



აშშ, ისრაელი და ეგვიპტე შეთანხმდნენ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ღაზა რაფაჰის გავლით დატოვონ

14 ოქტ 202316:24
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/14/o5wnha0898zagq6.jpg

აშშ, ისრაელი და ეგვიპტე შეთანხმდნენ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ღაზის სექტორი რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით დატოვონ. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

რაფაჰის გადასასვლელი ღაზის სექტორისა და ეგვიპტის ერთადერთი დამაკავშირებელი გამშვები პუნქტია. რაფაჰის გავლით უცხო ქვეყნის მოქალაქეები ეგვიპტეში შესვლას შეძლებენ.

არსებული ინფორმაციით, გადასასვლელი ადგილობრივი დროით 12 საათიდან 17 საათამდე იქნება ღია. ამასთან, ისრაელის მედია წერს, რომ შეთანხმება არ ეხება ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის მიერ მძევლად აყვანილ ადამიანებს.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა