პენტაგონის ინფორმაციით, აშშ უკრაინის დასახმარებლად დამატებით 820 მილიონ დოლარს გამოყოფს.
როგორც პენტაგონის განცხადებაშია ნათქვამი, დახმარების ახალი პაკეტიდან 50 მილიონი საპრეზიდენტო დანაზოგებიდან არის გამოყოფილი, ხოლო 770 მილიონი უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) სახსრებიდან.
ამ თანხებით უკრაინას გადაეცემა მაღალი მობილობის საარტილერიო-სარაკეტო სისტემის (HIMARS) დამატებითი საბრძოლო მასალა; ორი მოწინავე საზენიტო-სარაკეტო სისტემა NASAMS-ი; ასევე 150 000 ერთეული 155 მმ ჭურვი და 4 ანტი საარტილერიო რადარი.
განცხადებაში ასევე წერია, რომ ამ დროისთვის ამერიკამ უკრაინას დაახლოებით 7.6 მილიარდის ოდენობის დახმარება გამოუყო, მას შემდეგ რაც პრეზიდენტის პოსტი ჯო ბაიდენმა დაიკავა. ამ თანხიდან 6.9 მილიარდი დოლარი ვაშინგტონმა ომის დაწყების შემდეგ გამოყო.
დღეს გახდა ცნობილი, რომ ნორვეგია უკრაინის დასახმარებლად დამატებით 1 მილიარდ ევროს გამოყოფს. ასევე, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხდა, რომ უკრაინას დამატებით 1 მილიარდი ევროთი დაეხმარებიან.
გუშინ, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინას დამატებით 1.2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს.