logo
ENG



ბაგრატიონის ქუჩაზე ლიფტის ჩაწყვეტის შედეგად დაშავებული 1 პირის მდგომარეობა მძიმეა

17 ივნ 202008:10
3 წუთის საკითხავი
 

ბაგრატიონის ქუჩაზე ლიფტის ჩაწყვეტის შედეგად დაშავებული ერთი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მამაკაცს მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნებოდა და მას ოპერაცია ჩაუტარდა. რაც შეეხება დაშავებულ ქალს, მისი ჯანმრთელობის  მდგომარეობას,  სტაბილურია. მას სხვადასხვა სახის დაჟეჟილობები უფიქსირდება.

„მამაკაცის მდგომარეობა საკმაოდ საყურადღებოა. მას მრავლობითი მოტეხილობები აქვს, კერძოდ: არის მარჯვენა წვივის ძვლების ღია მოტეხილობა, მარჯვენა მხრის ძვლის დამსხვრეული მოტეხილობა, წელის მალის მოტეხილობა. რაც შეეხება ქალბატონის მდგომარეობას, მისი მდგომარეობა სტაბილურია. აქვს სხეულის სხვადასხვა მიდამოს რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა, ტარდება კვლევები და მოგვიანებით მივიღებთ გადაწყვეტილებას მის გაწერასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ოთარ დიხამინჯიამ.

სტაბილურია დაშავებული არასრულწლოვანის მდგომარეობაც. იაშვილის კლინიკის გადაუდებელი დახმარების ექიმის, ნინო ჯავახაძის თქმით, ამ ეტაპზე ტრავმის შემდგომი პათოლოგიური ცვლილებები გამოხატული არ არის და პაციენტზე აქტიური მონიტორინგი მიმდინარეობს.

„12 წლის მოზარდი შემოყვანილი იქნა 112-ის მიერ შემთხვევის ადგილიდან. მდგომარეობა სტაბილურია, ცნობიერება ნათელი, სტაბილური პარამეტრებით. ჩაუტარდა მთელი რიგი კვლევები, შეფასდა გადაუდებელ განყოფილებაში. ჩაუტარდა ნევროლოგის, ნეიროქირურგის, ტრავმატოლოგის კონსულტაცია. საჭირო გახდა რენდგენოლოგიური კვლევა, თავის ტვინის  კომპიუტერული ტომოგრაფია და მუცლის ღრუს და ვისცერალური ორგანოების ეხოსკოპიური კვლევა. ამ ეტაპზე მდგომაროება სტაბილურია. პათოლოგიური კეროვანი ცვლილებები გამოხატული არ არის. მიმდინარეობს აქტიური მონიტორინგი“, - განაცხადა იაშვილის გადაუდებელი დახმარების ექიმმა ნინო ჯავახაძემ.


close დახურვა