ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, საქართველოს ბანკზე თავდასხმისთვის ძებნილი ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ადვოკატები ბრალდებულის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. ისინი ამბობენ, რომ ესებუა უდანაშაულოა და მისი დაკავება მის ძმაზე - ბადრი ესებუაზე ზეწოლის მიზნით მოხდა.
ბიძინა ესებუა სამართალდამცველებმა 12 დეკემბერს დააკავეს. მას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება.
შსს-ს განცხადებით, არსებობდა ვარაუდი, რომ ბიძინა ესებუას ძებნილ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის უნდა გადაეცა სხვადასხვა ნივთები, რის გამოც პოლიცია უთვალთვალებდა. მათივე ცნობით, ბიძინა ესებუა მაშინ დააკავეს, როდესაც მიმალვას ცდილობდა.
დაკავებული წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს. მისი ადვოკატი იოსებ ჯანაშია ამბობს, რომ ესებუას იარაღი და საბრძოლო მასალა "ჩაუდეს".
საქმეზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
***
21 ოქტომბერს, ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა და ათობით მძევალი აიყვანა. ის ნახევარ მილიონ ლარს და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვებას ითხოვდა. დაახლოებით 23:00 საათზე, რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის და მოლაპარაკების შემდეგ, მას თანხა გადასცეს. ესებუა შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა, მათგან ერთ-ერთი მომლაპარაკებელი, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იყო. რამდენიმე საათის შემდეგ ესებუა მოთხოვნილი თანხით გაუჩინარდა.
მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. 4 დეკემბერს ბადრი ესებუა ძებნილად გამოცხადდა.