ბათუმში ნიკა მელიას მხარდამჭერი შტაბი შეიქმნა. ამის შესახებ განცხადება გიორგი კირთაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა და აღნიშნა, რომ შტაბს მირდატ ქამადაძე უხელმძღვანელებს.
"იმ დროს, როცა საქართველოს მესამე პრეზიდენტის გადასარჩენად პარტიამ საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვება შეძლო, შიდაპარტიული არჩევნების დრო არ იყო, თუმცა, რადგან არჩევნები დანიშნულია ის უნდა ჩატარდეს, ხოლო პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე", - განაცხადა მან.
ნაციონალური მოძრაობის ვებგვერდზე თავმჯდომარის ასარჩევად მოქალაქეების რეგისტრაცია დაიწყო, თუმცა როგორც სოციალურ ქსელში მომხმარებლები აცხადებენ, პროცესი ხარვეზით მიმდინარეობს. რეგისტრაცია და ხმის მიცემა ელექტრონულად, ე.წ. ბლოკჩეინის სისტემის გამოყენებით განხორციელდება.
პარტიაში შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც ამოწმებს, ვინ გადის რეგისტრაციას, ხომ არ აქვთ მათ ყალბი ანგარიში, ან ხომ არ არიან სხვა პარტიის ამომრჩევლები. პროცესს თავმჯდომარეობის ოთხივე კანდიდატის შტაბების წარმომადგენლებიც აკვირდებიან.
***
9 ნოემბერს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში შიდა პარტიული არჩევნები, მათ შორის ახალი თავმჯდომარის არჩევა მოითხოვეს. იმავე დღეს პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ არჩევნებში მონაწილეობაზე მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე თანაგუნდელებმა "ნაჩქარევი განცხადება გააკეთეს".
საკუთარი კანდიდატურები დააყენეს გიორგი ჩალაძემ და გიორგი მუმლაძემაც. 16 ნოემბერს მონაწილეობის სურვილი გამოთქვა ლევან ხაბეიშვილმაც და გამოვიდა ინიციატივით, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეიქმნას შტაბი, რომელსაც გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს. მოგვიანებით ჩალაძემ კანდიდატურა მოხსნა. 12 დეკემბერს საკუთარი კანდიდატურა დააყენა ნონა მამულაშვილმაც.