logo
ENG



ბაიდენი: აშშ დგას ირანელი ქალების გვერდით, რომლებიც შთააგონებენ მსოფლიოს თავიანთი სიმამაცით

04 ოქტ 202220:12
3 წუთის საკითხავი
 
ბაიდენი: აშშ დგას ირანელი ქალების გვერდით, რომლებიც შთააგონებენ მსოფლიოს თავიანთი სიმამაცით

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ირანში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ "შეერთებული შტატები დგას ირანელი ქალებისა და მოქალაქეების გვერდით, რომლებიც შთააგონებენ მსოფლიოს თავიანთი სიმამაცით".

ბაიდენი Twitter-ზე წერს, რომ შეერთებული შტატები განაგრძობს ირანის მოქალაქეების მხარდაჭერას.

"შეერთებული შტატები დგას ირანელი ქალებისა და მოქალაქეების გვერდით, რომლებიც შთააგონებენ მსოფლიოს თავიანთი სიმამაცით.

მიმდინარე კვირაში, ჩვენ დამატებით ხარჯებს დავაკისრებთ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის ჩამდენ პირებს. ჩვენ გავაგრძელებთ ირანელების უფლებების მხარდაჭერას, გააპროტესტონ თავისუფლად", - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

ირანში 2 კვირაა, ჰიჯაბის კანონების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

პროტესტის ნიშნად ირანელი ქალები საჯაროდ წვავენ თავსაბურავებს, იჭრიან თმას. 

პროტესტის ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც 22 წლის ირანელი უფლებადამცველი ქალი, მაჰსა ამინი ირანის მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის საბაბით დააკავა და მასზე იძალადა. ქალი კომაში ჩავარდა, 3 დღის შემდეგ 16 სექტემბერს კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ჰიჯაბის კანონების მიხედვით, რომელიც 1979 წლის რევოლუციის შემდეგ მიიღეს, ყველა ქალი ვალდებულია, საჯარო სივრცეებში ეხუროს თავსაბურავი და ეცვას მოშვებული ტანისამოსი, რომელიც მის სხეულს დაფარავს.

ირანის მორალის პოლიციას კი მათ შორის ევალება დარწმუნდეს, რომ ირანელი ქალები ამ კანონს ემორჩილებიან. კანონმდებლობის მიხედვით, ჰიჯაბის წესების დარღვევა ჯარიმას, დაკავებას ან გაროზგვას ითვალისწინებს.

ჰიჯაბის კანონების წინააღმდეგ უახლესი საპროტესტო ტალღა მაჰსა ამინიზე ძალადობისა და დაღუპვის შემდეგ, 16 სექტემბრიდან დაიწყო. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანის პოლიცია პროტესტში მონაწილე აქტივისტების დაშლას ძალის გამოყენებით ცდილობს. აქტივისტები ყვებიან პოლიციის მხრიდან სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობაზე. ორგანიზაცია ირანის ადამიანის უფლებები (IHR) აცხადებს, რომ ირანში საპროტესტო აქციების დაწყებიდან სულ მცირე 83 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც. 

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ნადა ალ-ნაშიფმა შეშფოთება გამოთქვა იმ არასაჭირო და არაპროპორციული ძალის შესახებ, რასაც პოლიცია საპროტესტო აქციებისას ათასობით მოქალაქის წინააღმდეგ მიმართავს.

22 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-მ სანქციები დაუწესა ირანის მორალის პოლიციას, რომელიც ამინის დაკავებასა და დაღუპვაზეა პასუხისმგებელი და ასევე უსაფრთხოების სამსახურების იმ 7 წარმომადგენელს, ვინც მიმდინარე პროტესტების ჩახშობაზეა პასუხისმგებელი.

 


close დახურვა