logo
ENG



ბაჩანა შენგელია - ჩემ წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს

29 ივნ 202021:04
3 წუთის საკითხავი
 

ბაჩანა შენგელია იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ მის წინააღმდეგ დაწყებულ მორიგ დისციპლინურ წარმოებას პოლიტიკურ დევნად აფასებს.

როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე პროცესების მიზანი მისი შევიწროება, საბოლოო ჯამში კი, სამსახურიდან გათავისუფლებაა.

"აღმოაჩინეს მონიტორინგის შედეგად, რომ მე გამოვთქვამ პოლიტიკურად მიკერძოებულ ანალიზს გარკვეულ მოვლენებთან დაკავშირებით, ოღონდ ეს რას ნიშნავს წარმოდგენა არ მაქვს. ეს არის პირდაპირ კონსტიტუციის დარღვევა, ვინაიდან კონსტიტუციით არის გარანტირებული საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება და გამოხატვის თავისუფლება. შესაბამისად, არ ვიცი რომელ პოსტს მედავებიან, მაგრამ ჩემი ყველა გამონათქვამი და პოსტი ჯდება ამ ფარგლებში. მე მიმაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა ჩემს წინააღმდეგ, რომელიც დაწყებულია ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ, დედაჩემის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მისი გარდაცვალებით დასრულდა. ეს ყველაფერი ემსახურება ჩემს დევნას, შევიწროებას, განეიტრალებას და საბოლოო ჯამში ისახავს მიზნად იმას, რომ სამსახურიდან გამათავისუფლონ. ეს არის ცენზურის მცდელობა", - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ. 

რამდენიმე დღის წინ ბაჩანა შენგელიას სანოტარო საქმიანობის უფლება შეუზღუდეს. მაშინ უწყებამ წერილობით განმარტებაში მომხდარი დისციპლინური სამართალდარღვევით ახსნა და მიუთითა, რომ დარღვევა ბიუროში მის მაგიერ შემცვლელის ყოფნა იყო. დღეს კი შენგელიამ იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციისგან ოფიციალური შეტყობინება მიიღო, რომლითაც ირკვევა, რომ მას სანოტარო საქმიანობა Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტებისა და მისი აქტივობების გამო შეუჩერეს.

შეგახსენებთ, 2018 წელს ბაჩანა შენგელიას დედა ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით გარდაიცვალა. მისი ჯანმრთელობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც სკოლაში, სადაც ის დირექტორის თანამდებობას იკავებდა, შესამოწმებლად განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფი შევიდა და "მძიმე დარღვევები" გამოავლინა. გარდაცვლილის ოჯახი ამბობს, რომ კერზაიამ სკოლის ამბებზე ინერვიულა, ინსპექტირება კი, თავის მხრივ, მასზე წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირდებოდა.


close დახურვა