აქტივისტების დევნა პოლიტიკური ნიშნით, - ასე აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სამოქალაქო აქტივისტების დაჯარიმებას. მათი განცხადებით, სავარაუდოდ ამ საქმეებთან დაკავშირებით გაგრძელდება სამართლებრივი პროცედურები და ყველა დაწერილი საჩივარი გასაჩივრდება სასამართლოში.
არასამთავრობო სექტორის შეფასებით, ხელისუფლება ცდილობს ამ ფორმით „სირცხვილიას“ აქტივისტები დასაჯოს.
„პირდაპირ ჩანს, რომ ეს არის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის და პოლიტიკური ნიშნით მიღებული გადაწყვეტილება. უცნაურია, როდესაც ასე ორგანიზებულად ხდება კონკრეტული აქტივისტების დევნა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებაში კარგად იაზრებენ, რომ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენები მათთვის საკმაოდ სამარცხვინოა. ცინიკურია, როდესაც სამშენებლო ღობეებზე გაკეთებული წარწერისთვის ვინმეს დაჯარიმება შეიძლება. ზუსტად ისე, როგორც საბჭოთა კანონმდებლობით ხდება 1984 წელს მიღებული კოდექსით, ამ გადაწყვეტილებების სწორედ საბჭოური ელფერი გასდევს“, - აცხადებს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ ღობე სადაც სამოქალაქო აქტივისტებმა 20 ივნისთან დაკავშირებით წარწერები გააკეთეს, თბილისის კულტურული მემკვიდრეობის ზონაში მყოფი ღობეა და წარწერების გაკეთება არ შეიძლებოდა.