ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების უარი ანა ფოტიგას, მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი, გამოხატავს ბიძინა ივანიშვილის სურვილს, საზოგადოება შეაჩვიოს აზრს, რომ საქართველო არ მიისწრაფვის თავისუფალი სამყაროს წევრობისკენ.
"როგორი მნიშვნელოვანი ევროპარლამენტარის ვიზიტიც არ უნდა ყოფილიყო, მისი ციხეში შესვლა მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად პრობლემას ავტომატურად ვერ მოაგვარებდა - ეს არ გამოიწვევდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და სხვა.
მაგრამ, ჩემი ღრმა რწმენით, წლებია, განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდში, ივანიშვილი ცდილობს, საზოგადოება შეაჩვიოს აზრს, რომ იმ ქვეყნების რიგიდან, რომელსაც სურს, იყოს თავისუფალი სამყაროს წევრი, იმ ქვეყნების ჯგუფში გადავინაცვლეთ, რომლებიც არიან პუტინის რუსეთის არეალში.
ეს არის საგანგაშო სიმართლე. ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც ამა თუ იმ მიზეზით, ოპოზიციის მიმართ სიმპატია არ აქვს - ეს არის კიდევ ერთი მძიმე სიმპტომი, რის გამოც თვალს და ხელს შუა შეიძლება აღმოვჩნდეთ უმძიმესი კატასტროფის წინაშე". - თქვა მან დღეს ოპოზიციური პარტიების წევრების ერთობლივ ბრიფინგზე.
ბრიფინგი პარლამენტში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ეროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან უარი მიიღო თხოვნაზე, შეხვდეს ციხეში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლება ზურგს აქცევს საქართველოს საუკეთესი მეგობრებს ევროპაში.
მათი ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ევროპარლამენტში დაიწყება სერიოზული პროცესები, რაც გულისხმობს პოლიტიკის გადატვირთვას საქართველოსთან მიმართებაში.
პოლონელი ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა საქართველოში 12 ნოემბერს ჩამოფრინდა. როგორც თავად თქვა, მიზანი მიხეილ სააკაშვილითან დაკავშირებით ვითარების გაცნობა და შეფასება იყო.
დღეს, 13 ნოემბერს განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროსგან ციხეში შესვლაზე უარი მიიღო.
სამინისტროს უარის წერილი, რომელიც როგორც ფოტიგამ, ასევე ლიეტუვის სიემის 2-მა წევრმა მიიღო, ჟიგიმანტას პავილიონისმა გამოაქვეყნა.
მასში ნათქვამია, რომ იუსტიციის სამინისტრო ციხეში ვიზიტზე უარს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობითა და პენიტენციური სამსახურის მხრიდან პატიმრის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის ვალდებულებით ხსნის. უწყება აღნიშნავს, რომ ამ მომენტისთვის სააკაშვილის მონახულება მხოლოდ საქართველოს პატიმრობის კოდექსით დაშვებული ვიზიტორებისთვისაა შესაძლებელი.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1-ლ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების მომენტიდან ის შიმშილობს - უკვე 44-ე დღეა.
8 ნოემბერს სააკაშვილი რუსთავის მე-12 ციხიდან გლდანის მე-18 ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს - ექსპრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში მოთავსებას ითხოვდა და ამ დრომდე ითხოვს.
გადაყვანის პროცესში მიხეილ სააკაშვილს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, პატიმრებმა კი დამცირების მიზნით ე.წ შუმოკი მოუწყვეს.
ექიმების და ენმ-ის წევრების განცხადებით, ციხის დაწესებულება არ არის საავადმყოფო და იქ არ არის სამედიცინო აღჭურვილობა. როგორც ეკა ხერხეულიძემ თქვა, მიხეილ სააკაშვილს შეურაცხყოფას აყენებენ სხვა პატიმრები მაშინ, როცა ის საკნის ფანჯარას აღებს და ფიზიკურთან ერთად, ფსიქოლოგიურ ტანჯვას განიცდის.