logo
ENG



ბოკერია:უმრავლესობის წერილი დასტურია, რომ რურუას პატიმრობა ივანიშვილის პირდაპირი დაკვეთაა

24 ივნ 202014:12
3 წუთის საკითხავი
 

რურუას პატიმრობა ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი დაკვეთაა - ასე აფასებს "ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ბოკერია წერილს, რომელიც რურუას ადვოკატების ინფორმაციით, „ქართულმა ოცნებამ“ ევროპარლამენტარებს მიწერა. კორესპონდენციაში გიორგი რურუას ნასამართლოებაზეა საუბარი. ბოკერია ამბობს, რომ ეს წერილი მთავრობის მიერ დაგეგმილი კამპანიის ნაწილია.

„ეს წერილი არის დასტური იმისა, რომ პოლიტიკური მოტივია და პირდაპირი დაკვეთაა, რომ რურუა იყოს ციხეში - პოლიტპატიმარი რურუა. ამ ხალხს ჰგონია, რომ პოლიტიკურად ბრიყვებს, მაგრამ ყველანაირი ბინძური წესების მომხმარებელ ხალხს, რომ ასეთი დისკრედიტაციის კამპანიას თუ დაიწყებ, ამით მიაღწევენ მიზანს. ამ დროს, ასეთი დოკუმენტი ვისაც უვარდება ხელში, ყველა ხვდება, რომ მთავრობას პოლიტიკური მოტივი აქვს - ერთ პატიმარზე ამხელა კამპანიას რომ აწარმოებ, მათ შორის უამრავი ტყუილით. ეს წერილი იქნება მტკიცებულება მომავალში თუ როგორი კოორდინირებული პოლიტიკურ დევნა იქნება და როგორი პოლიტიკური პატიმარია გიორგი რურუა“, - განაცხადა ბოკერიამ.

გიორგი რურუას ადვოკატი, შალვა შავგულიძე განცხადებით, მას აქვს ცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროდან, რითაც მტკიცდება, რომ გიორგი რურუა წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი და „ქართული ოცნების“ უმრავლესობის კოლექტიური წერილი ევროპარლამენტარებისადმი არის უპასუხისმგებლობა.

გიორგი რურუას საქმე: შეგახსენებთ, გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. დღემდე ადვოკატებმა რურუას გათავისუფლება რამდენჯერმე მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარი შუამდგომლობა არცერთ შემთხვევაში არ დააკმაყოფილა. გიორგი რურუას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.

მიუხედავად ოპოზიციის, სენატორებისა და ევროპარლამენტარის მოწოდებისა, მმართველი გუნდი არ აღიარებს, რომ 8 მარტის შეთანხმებაში პატიმრების შეწყალებაზე იყო საუბარი და აცხადებს, რომ ზოგადად, ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან. თუმცა, პრეზიდენტმა უკვე შეიწყალა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა.


close დახურვა