ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც პროკურატურას უფლება ეძლევა ტვ პირველიდან მასალები ამოიღოს და აღნიშნავს, რომ ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, პროფესიული საიდუმლოების წყარო აბსოლუტური პრივილეგიითაა დაცული.
როგორც ბოკერიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არავის აქვს უფლება ჟურნალისტს წყაროს გამხელა მოსთხოვოს.
"მკაფიო წინააღმდეგობაშია კი არა, მკაფიო დარღვევით არის ჩვენი კანონმდებლობით გადადგმული ის ნაბიჯი, რაც ახლა პროკურატურის შუამდგომლობით ახლა სასამართლომ მიიღო.
მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი კანონი სიტყვის და თავისუფლების შესახებ, სადაც წერია ძალიან მკაფიო ერთი მთავარი მუხლი - პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, არავის არ აქვს უფლება მოსთხოვოს ამ წყაროს გამხელა. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ სასამართლო დავისას მოპასუხეს არ შეიძლება დაეკისროს კონფიდენციალური წყაროს გამხელის ვალდებულება", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და TV პირველიდან მასალების იძულებით ამოღების ნებართვა მისცა. ამის შესახებ თავად ტელეკომპანია ავრცელებს ინფორმაციას და მიღებულ განჩინებასაც ასაჯაროვებს, საქმე ეხება 6 მარტს, ნოდარ მელაძის შაბათში გასულ ფარულ აუდიოჩანაწერებს.
ტელეკომპანიის იურისტის, ვახტანგ წერეთლის ცნობით, პროკურატურა ითხოვს არა უშუალოდ ინფორმაციას, არამედ ელექტრონულ მატარებელსა და კონვერტს, ან სხვაგვარ მასალას.
ჩანაწერები
ტვ პირველის გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი, სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.
ჩანაწერი მოიცავს კიდევ რამდენიმე საუბარს ბერა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის, რომელშიც მონაწილეები ბერას შეურაცხყოფის გამო მსგავსი ანგარიშსწორების რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ და განიხილავენ.
ჩანაწერში ბერა ივანიშვილი ელაპარაკება სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს. ირკვევა, რომ ის ბერას მითითებებს ასრულებდა და არასრულწლოვნებს, რომლებიც ივანიშვილს მისთვის მიუღებლად მოიხსენიებდა, პირადად ემუქრებოდა.
ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, არა ერთმა ადამიანმა მედიისა და თუ სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა, რომ ბერა ივანიშვილმა ან მასთან დაახლოებულმა პირებმა, ბერაზე ნეგატიური კომენტარის გამო, მათ სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ქართულ ოცნებას არ უარუყვია, რომ ჩანაწერი ავთენტურია, ისინი აქცენტს საუბრის დროზე აკეთებენ და ამბობენ, რომ ის 2010-2011 წლებშია გაკეთებული.
თემას გამოეხმაურნენ ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძეც. ჩუბინიძე ამბობს, რომ ჩანაწერი, მისი, ირაკლი ღარიბაშვილის და ბერა ივანიშვილის მონაწილეობით, 2010-2011 წლისაა და ის მოდელირებულია. ჩუბინიძე ადასტურებს, რომ ახალგაზრდებთან ოჯახებში მივიდა, რასაც იმით ხსნის, რომ როგორც ივანიშვილის ოჯახის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, მუქარის შემცველ განცხადებებს შეისწავლიდა. ჩუბინიძის თქმით, ჩანაწერები უკანონოდ იქნა მოპოვებული და დანაშაული არა სამი ადამიანის საუბარი, "გნებავთ ჭორაობა", არამედ ფარული ჩანაწერების უკანონო მოპოვება, მისი მოდელირება და გავრცელებაა.
ბერა ივანიშვილი კი იმედთან ინტერვიუში ამბობს, რომ თუ ვინმე დედას შეაგინებს, ან მის "ოჯახს შეეხება", "აუცილებლად პასუხს მოსთხოვს". ინტერვიუში მანვე აღნიშნა, რომ ჩანაწერების ავთენტურობაზე "კამათს არ დაიწყებს", რადგან ამას "მნიშვნელობა არ აქვს".
ჩანაწერებზე ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია საქართველოს პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს.
საქართველოს გენერალური პროკურატურა გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც საჯაროდ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე.