ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირებულ რუსულ კანონპროექტს, რომლის შინაარსსაც ქართული ოცნება მხარს უჭერს, შემაშფოთებელს უწოდებს.
ამ საკითხზე ჯოზეფ ბორელმა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურთან ისაუბრა და საქართველოს შეახსენა, რომ სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და მედიის თავისუფლება 12 შესასრულებელი რეკომენდაციის ნაწილია.
"სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, მისი შენარჩუნება და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველია. ეს, ასევე საკვანძო საკითხია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში და წარმოადგენს 12 კრიტერიუმის ნაწილს.
საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, როგორც პატივი სცენ, დაიცვან და ხელი შეუწყონ სამოქალაქო საზოგადოებისთვის უსაფრთხო გარემოს, ასევე დაიცვან მედიისა და გამოხატვის თავისუფლება.
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობა და სტანდარტები აღიარებს, რომ რესურსებზე წვდომა, მათ შორის, დაფინანსება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის 22-ე მუხლით გათვალისწინებული გაერთიანების თავისუფლების განუყოფელი კომპონენტია და ამის ნაწილია საქართველოც.
შიდა და საერთაშორისო დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა არ უნდა შეიზღუდოს, არამედ ხელი უნდა შეეწყოს, რადგან ეს აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების არსებობისა და არსებითი მუშაობისთვის", - აღნიშნულია ბორელის პასუხში, რომელიც რადიო თავისუფლებას მისმა პრესსპიკერმა მიაწოდა.
***
ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასული დეპუტატების, ხალხის ძალის მიერ ინიცირებული "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა და განსახილველად იურიდიულ კომიტეტს გადაეცა.
ბიუროს სხდომის პარალელურად, პარლამენტში დღეს მედიის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, რუსული კანონის დამტკიცების შემთხვევაში, თავისუფალი მედიის არსებობა ქვეყანაში კანონით აიკრძალება.
სავარაუდოდ, ეს საკითხი მიმდინარე კვირაში სესიაზე განხილვისთვის არ გავა. საპარლამენტო უმრავლესობა საბოლოო პოზიციის უახლოეს 2 კვირაში დაფიქსირებას აპირებს.
რუსული კანონი "ჯაშუშების" გამოსავლენად - რას უქადის პროექტი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას