logo
ENG



ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერობას ტოვებს, პრემიერი კი ოქტომბრამდე იქნება

07 ივლ 202212:38
3 წუთის საკითხავი
 

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს დღეს დატოვებს, პრემიერმინისტრის პოსტზე კი შემოდგომამდე დარჩება. 

ახალი პრემიერმინისტრი ტორების პარტიის კონფერენციაზე, ოქტომბერში იქნება წარდგენილი.

ბორის ჯონსონი ესაუბრა სერ გრეჰემ ბრედის, 1922 წლის კონსერვატიული კომიტეტის თავმჯდომარეს, რათა ეცნობებინა თავისი გადაწყვეტილების შესახებ.

"პრემიერმინისტრი ესაუბრა გრეჰემ ბრეიდს და დათანხმდა დროულად დატოვოს თანამდებობა, რათა ახალი ლიდერი ოქტომბერში კონფერენციაზე დაინიშნოს." - ამბობს BBC-ის წყარო. 

***

ჯონსონის, როგორც კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოზიციის დატოვების  გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა კენჭისყრა ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ. 

კონსერვატორი დეპუტატების უმრავლესობამ მას უნდობლობა არ გამოუცხადა.

ბორის ჯონსონის წინააღმდეგ ხმა 148 დეპუტატმა მისცა, 211-მა კი მხარი დაუჭირა.

უნდობლობის გამოცხადების საფუძვლად ჯონსონის ხელისუფლების გარშემო ბოლო პერიოდში მომხდარ რამდენიმე სკანდალურ შემთხვევას: კოვიდრეგულაციების დარღვევით წვეულებების ჩატარებასა და უკვე ყოფილი კონსერვატორი დეპუტატის, კრის პინჩერის მხრიდან სხვადასხვა დროს სექსუალური შევიწროების შესაძლო შემთხვევებს უკავშირდება. 

წვეულებები ლოქდაუნისას

2022 წლის იანვრის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაუნინგის 10 ნომერში ქვეყანაში გამოცხადებული ლოკდაუნის ფონზე 2020 წლის მაისში წვეულება გაიმართა.

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა 12 იანვარს ბოდიში მოიხადა 2020 წლის მაისში დაუნინგის ქუჩაზე, პრემიერმინისტრის სახლის ეზოში გამართულ ღონისძიებაზე დასწრებისთვის მაშინ, როცა ბრიტანელებს კორონავირუსის შეზღუდვების გამო შეკრება ეკრძალებოდათ.

ფაქტების გასაჯაროების შემდეგ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის არაერთმა წევრმა პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონს წერილობით უნდობლობა გამოუცხადა. მისივე, კონსერვატიული პარტიის არაერთმა წევრმა კი დააფიქსირა აზრი, რომ ჯონსონი პრემიერმინისტრობიდან უნდა გადამდგარიყო თუ დადასტურდებოდა, რომ ის ამ არაფორმალურ შეხვედრას დაესწრო.

2 თებერვალს კი დიდ ბრიტანეთში დაუნინგის ქუჩაზე პანდემიისას გამართული წვეულებების და სოციალური შეკრებების შესახებ ანგარიში გამოქვეყნდა. ანგარიშში ბორის ჯონსონს ლიდერობაში ჩავარდნებისა და სამუშაო ადგილზე ალკოჰოლის გადაჭარბებულად მოხმარების გამო აკრიტიკებენ.

დაუნინგის ქუჩაზე ლოკდაუნის პერიოდში დიდ ბრიტანეთის სახელმწიფო შენობებში სოციალური ღონისძიებებისა და დარღვევების შესახებ ანგარიში საჯარო მოხელემ, სიუ გრეიმ მოამზადა.

ანგარიშის მიხედვით, 16 შეკრების ფაქტი 2020 წლის მაისიდან 2021 წლის აპრილის ჩათვლით, 12 სხვადასხვა დღეს დაფიქსირდა. ყველა მათგანი დაუნინგის 10 ნომერში ან კაბინეტის ოფისში გაიმართა, 1 კი განათლების დეპარტამენტში. ამ წვეულებებიდან 12-ს პოლიცია იკვლევს. მათ შორის 3 ისეთი მოვლენაა, რაზეც საზოგადოებას ინფორმაცია აქამდე არ ჰქონია.

ანგარიში მიუთითებდა ლიდერობასა და გადაწყვეტილებებში ჩავარდნებსა და პანდემიის ფონზე სამუშაო სივრცეში ალკოჰოლის გადაჭარბებულად მიღებაზე.

განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ზოგიერთი შეკრება არ უნდა ყოფილიყო დაშვებული, ზოგი კი იმგვარად არ უნდა განვითარებულიყო, როგორც ეს მოხდა.

კრის პინჩერის სკანდალი

ბრიტანეთის ხელისუფლების უახლესი კრიზისი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც გასულ კვირაში გაჩნდა ბრალდებები კონსერვატიული პარტიის წევრისა და საპარლამენტო მდივნის მოადგილის, კრის პინჩერის მიმართ, რომ მან 2 კაცი სექსუალურად შეავიწროვა.

აღნიშნული სკანდალის გამო პინჩერმა 30 ივნისს თანამდებობა დატოვა და განცხადებაში აღნიშნა, რომ "ის ზედმეტად მთვრალი იყო, თავი შეირცხვინა და სხვა ადამიანებიც შეარცხვინა". 

ფაქტის შემდეგ ჯონსონს მოუწია თავისსავე პარტიის წევრების კითხვებზე პასუხი გაეცა: იცოდა თუ არა პინჩერის მიმართ ბრალდებებზე და როგორ მოიქცა, როცა გაიგო. 

სამშაბათს, 5 ივლისს ჯონსონმა ბოდიში მოიხადა, რომ პინჩერი დანიშნა სახელისუფლებო როლზე და აღიარა, რომ მან პინჩერის მიმართ სექსუალური შევწროების ბრალდებების შესახებ 2019 წელსაც, მის დანიშვნამდეც იცოდა. ჯონსონის თქმით მას ეს ფაქტი "დაავიწყდა" და პინჩერის დანიშვნით მან "ცუდი შეცდომა დაუშვა".

5 ივლისს, პინჩერის სექსუალური სკანდალის გამო დიდი ბრიტანეთის ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრებმა თანამდებობები დატოვეს. მათი თქმით, უახლესი სკანდალების ფონზე ხელისუფლებაში დარჩენა აღარ შეეძლოთ.

7 ივლისს კი კონსერვატიული პარტიის წევრმა, დენიელ ქუქმა Channel 4 News-ს უთხრა, რომ პინჩერმა ის სექსუალურად 2005-2006 წლებში შეავიწროვა.

ქუქმა, რომელიც სტეფორდშირსში, ტამუერთის საბჭოში მერის მოადგილეა, განაცხადა, რომ პინჩერის მხრიდან სექსუალური შევიწროების ახალმა შესაძლო შემთხვევებმა "გააბრაზა" და სხვა ბრალდებების ფონზე გადაწყვიტა, წარსულში მომხდარზე თავადაც ესაუბრა.

5-7 ივლისს ჯონსონის ხელისუფლება პროტესტის ნიშნად 50-ზე მეტმა პარლამენტარმა დატოვა.

Reuters-მა დაასახელა ის სავარაუდო კანდიდატები, ვინც ბორის ჯონსონის გადადგომის შემდეგ, შესაძლოა, პრემიერმინისტრის პოზიცია დაიკავოს. მათი ცნობით, ჯონსონის გადადგომის შემთხვევაში მისი პოზიციაზე რამდენიმე ადამიანი განიხილება, მათ შორის არიან:

  • ლიზ ტრასი
  • ჯერემი ჰანტი
  • ბენ უოლასი
  • რიში სუნაკი 
  • ნადიმ ზაჰავი
  • პენი მორდონტი

კონსერვატიული პარტია მომავალ ლიდერს შემოდგომით აირჩევს. პროცესის შესახებ დეტალები მომდევნო კვირაში გასაჯაროვდება.


close დახურვა