logo
ENG



ბოჭორიშვილში კორონავირუსით ინფიცირებული დედა-შვილი გადაიყვანეს

29 აპრ 202010:21
3 წუთის საკითხავი
 

ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში  კოვიდ-19-ით ინფიცირებული დედა-შვილი შეიყვანეს.  მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

როგორც ინფექციონისტი მანანა ხოსიტაშვილი აცხადებს, საავადმყოფოში 1 პაციენტი კვლავ მართვით სუნთქვაზეა, მისი მდგომარეობა მძიმეა.  

„ერთი პაციენტი გახლავთ რეანიმაციაში, ის მძიმედაა - დაახლოებით კიდევ ათი პაციენტის მდგომარეობაა მძიმე, ხუთი საყურადღებოა. მივიღეთ ორი ახალი პაციენტი - მათი მდგოამრეობა სტაბილურია. არიან დედა-შვილი, რომელთა კლასტერი არაა ცნობილი და მიმდინარეობს კონტაქტების მოკვლევა", - ამბობს მანანა ხოსიტაშვილი.

დღეს კლინიკაში ერთი პაციენტის გაჯანმრთელებასაც ელოდებიან, მას მეორეულ ტესტირებას ჩაუტარებენ. ბოჭორიშვილის კლინიკაში სულ 66 პაციენტი რჩება, მათგან კორონავირუსი 59 პაციენტს დაუდასტურდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 517 შემთხვევაა დადასტურებული - აქედან 168 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 6 პაციენტი გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. 


close დახურვა