logo
ENG



ბრეგაძე EU-ს ქვეყნების დემარშზე: უკავშირდებოდა შეშფოთებას სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

28 თებ 202321:14
3 წუთის საკითხავი
 
ბრეგაძე EU-ს ქვეყნების დემარშზე: უკავშირდებოდა შეშფოთებას სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, გუშინ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სახელით გაჟღერებული მიმართვა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე შეშფოთებას უკავშირდებოდა და საზღვარგარეთ გადაყვანაზე საუბარი არ ყოფილა. მის კომენტარს იმედი ავრცელებს.

"გუშინდელ შეხვედრას რაც შეეხება, ეს იყო შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან, ასევე, შვედეთის ელჩთან, რომლებმაც გააჟღერეს დემარში; კერძოდ, ეს იყო მომართვა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სახელით, რაც უკავშირდებოდა შეშფოთებას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ჩვენ მათ გავაცანით ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას აკეთებს ქართული სახელმწიფო სააკაშვილის უფლებების დაცვისა და მისი ჯანმრთელობის, მკურნალობის მიზნით. ეს იყო შეხვედრის ძირითადი პათოსი", - ამბობს ბრეგაძე.

გუშინ ევროკავშირის 27-ვე წევრმა ქვეყანამ იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ოფიციალური დემარშით მიმართა. ბრეგაძეს ოფიციალური განცხადება ევროკავშირის და შვედეთის ელჩებმა გადასცეს.

როგორც ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, EU-ს წევრი ქვეყნები ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავენ. ელჩის თქმითვე, ბრეგაძეს მათ საკუთარი პოზიცია გააცნეს, იუსტიციის მინისტრმა კი განუმარტა, "რას აკეთებს საქართველოს მთავრობა მიხეილ სააკაშვილის უფლებების შესანარჩუნებლად".

***

სახალხო დამცველის კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის შემდეგ, მორიგი დასკვნა გამოაქვეყნა - ექიმთა და ექსპერტთა ჯგუფი აღნიშნავს, რომ პაციენტი კიდევ 5-7 კილოგრამის დაკლების შემთხვევაში, საწოლზე მიჯაჭვული გახდება. მათი თქმით, ამ სისწრაფით წონის კლებისას მოსალოდნელია ამ ნიშნულამდე მიღწევა 1-2 თვეში.

დასკვნის თანახმად, მისთვის კრიტიკულ წონას წარმოადგენს 52-53 კილოგრამი, რის შემდეგადაც დაიწყება ორგანიზმის შეუქცევადი ცვლილებები. კონსილიუმის შეფასებით, სააკაშვილს აქვს სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე მე-4 სტადია, ასევე, ორთოსტატიული წნევის კრიტიკული ვარდნა კოორდინაციის მოშლით.

მე-4 ხარისხის კახექსიით მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ომბუდსმენის კონსილიუმის წინა დასკვნაშიც არის შეფასებული და აღნიშნულია, რომ ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი. ადვოკატები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მასის ინდექსი ჩამოსცდა 18-ს. მათი შეფასებით, მისი მდგომარეობა საგანგაშოა და საჭიროებს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას.

კლინიკა ვივამედში ირწმუნებიან, რომ მიხეილ სააკაშვილის მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციაში მკურნალობის პარამეტრებს. ნინო ნადირაძის თქმით, თუ დააპირებენ მის რეანიმაციაში მოთავსებას, ინფორმაციას გაავრცელებენ. თუმცა 22 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე კლინიკის ექიმებმა არ უარყვეს, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა - მათ განაცხადეს, რომ პაციენტს ზოგადი სისუსტე აწუხებს, არაბალანსირებულად იკვებება და წონაში კლებას აგრძელებს.

სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ოჯახის წევრებთან, ადვოკატებთან და ექიმებთან ერთად საერთაშორისო პარტნიორებიც ითხოვენ. ამის შესახებ საუბარი იყო ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, სადაც დეპუტატებმა საქართველოს ხელისუფლებას ამ ნაბიჯის გადადგმისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს და აღნიშნეს, რომ მისდამი მოპყრობა იქნება ლაკმუსის ტესტი საქართველოს ხელისუფლებისთვის, მათ შორის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ევროპარლამენტარებმა მიმართეს საქართველოს პრეზიდენტსაც, რომ გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მიზნით.


close დახურვა