logo
ENG



ბურჯანაძე: ელჩებს, ისევე როგორც ჩვენ, ქართული ოცნების ნდობა არ გვაქვს

24 ივნ 202017:11
3 წუთის საკითხავი
 

 

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხმის მიცემასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის წევრების განცხადებებს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ მმართველმა გუნდმა აუცილებელია 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე შეასრულოს.

„ევროპული საქართველოს“ წევრი აკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებენ თუ მმართველი გუნდი პირობას შეასრულებს. 

„ქართული ოცნება“ მაგონებს კაცს, რომელიც ძალიან მოდიდებულ მდინარეს მიაქვს. უბრალოდ, მიჰყვება დინებას, თან გაიძახის ვცურავ ან ვბანაობო. რა თქმა უნდა, დავესწრებით თუ „ქართულ ოცნებას“ საკითხის გასატანად ხმები არ ჰყოფნის. ამისთვის პირობა უნდა შესრულდეს“, - აღნიშნა ბობოხიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი კი მიიჩნევს, რომ ბარიერს ხელისუფლება ქმნის და არა ოპოზიცია.

„ჩვენს დასავლელ პარტნიორებს აქვთ სურვილი, რომ ოპოზიციამ მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ არ ესმის რა წარმოადგენს დღეს გამოწვევას და ვინ ქმნის ამ მიმართულებით ბარიერს. ბარიერს სწორედ ხელისუფლება ქმნის“, - განაცხადა სამადაშვილმა.

„დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის თქმით კი, პირველი შეთანხმება „ქართულმა ოცნებამ“ დაარღვია

„საერთაშორისო თანამეგობრობა, ჩვენი ელჩები, მოუწოდებენ ორივე მხარეს, რომ შეასრულოს შეთანხმება და ოპოზიციასაც, რომ მისცენ ხმა - ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ პირველი შეთანხმება „ქართულმა ოცნებამ“ დაარღვია. რაც შეეხება ოპოზიციის მუდმივ მოწოდებებს, ეს ხდება იმიტომ, რომ ელჩებს, ისევე როგორც ჩვენ, „ქართული ოცნების“ ნდობა არ გვაქვს“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.

8 მარტის შეთანხმება: საპარლამენტო არჩევნების გამართვა 2020 წლის ოქტომბერში იგეგმება. იქამდე კი პარლამენტში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე უნდა იმსჯელონ - კერძოდ, არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1%-იანი იქნება. ამის შესახებ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით, 8 მარტს შედგა.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. სხდომას „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. მათი გადაწყვეტილების მიზეზი „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას პატიმრობაა. ოპოზიცია პროცესში ჩართვას იქამდე არ აპირებს, სანამ რურუა არ გათავისუფლდება.

გიორგი რურუას საქმე: შეგახსენებთ, გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. დღემდე ადვოკატებმა რურუას გათავისუფლება რამდენჯერმე მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარი შუამდგომლობა არცერთ შემთხვევაში არ დააკმაყოფილა.

მიუხედავად ოპოზიციის, სენატორებისა და ევროპარლამენტარის მოწოდებისა, მმართველი გუნდი არ აღიარებს, რომ შეთანხმებაში პატიმრების შეწყალებაზე იყო საუბარი და აცხადებს, რომ ზოგადად, ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან.

ამავდროულად, „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა სოციალურ ქსელში პოლიტიკური პარტიების მიერ 8 მარტის შეთანხმებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია. 


close დახურვა