logo
ENG



გამოდის, რომ საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით ხელისუფლება გვატყუებდა - ექსპერტი

30 ივნ 202014:34
3 წუთის საკითხავი
clock 469

საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით მთავრობის მხრიდან სხვადასხვა პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს ექსპერტები პოპულისტურს უწოდებენ. მათი თქმით, როდესაც 7 მაისს ეკონომიკის გახსნის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა, ითქვა, რომ 1-ლი ივლისიდან რეგულარული ფრენები აღდგებოდა, დღეს კი აცხადებენ, რომ საზღვრების გახსნისთვის მზად არ არიან.  

„ახლა უკვე როცა ევროკავშირი გვიხსნის საჰაერო საზღვრებს, ჩვენ რეალურად არ გვაქვს ბერკეტი და არ გვაქვს მზაობა იმისთვის, რომ მასობრივი ფრენები გავაკონტროლოთ. როცა დიდი პრეზენტაცია იყო და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი და ჩვენ ყველანაირი სტანდარტების დაცვით მივიღებდით ტურისტებს, რა ხდებოდა მთელი ამ პროცესის განმავლობაში, რას გულისხმობდა ეს ყველაფერი როდესაც დღეს უკვე დღეს 30 ივნისს გვეუბნებიან, რომ ბერკეტი არ აქვთ და არ იციან როგორ გააკონტროლონ. გამოდის, რომ მთელი ეს პერიოდი გვატყუებდნენ“, - განაცხადა ანალიტიკოსმა ჯანდაცვისა და სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით, თეონა აბსნაძემ.

BBC-ის ცნობით, ევროკავშირმა იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომლის მოქალაქეებისთვისაც, პანდემიის მიუხედავად, 1-ელი ივლისიდან საზღვრები გაიხსნება. უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალში არის საქართველოც.

საკითხთან დაკავშირებით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხრიდან საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს.

ამ დრომდე საქართველოს ოფიციალური პირები ამბობდნენ, რომ რეგულარული საერთაშორისო ფრენები ქვეყანამ  შესაძლოა, ივლისის ბოლომდე არ აღადგინოს.


close დახურვა