პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მიუხედავად ეპიდსიტუაციის გაუარესებისა, ბათუმის ჩაკეტვაზე საუბარი არ არის.
"მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში სიტუაცია ეპიდემიასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, დანარჩენ საქართველოსთან შედარებით მძიმდება, რა თქმა უნდა, ჩვენ სპეციალურ საკარანტინო ზომებს ბათუმში არ ვაცხადებთ და ბათუმის ჩაკეტვაზე საუბარი არ არის", - აღნიშნა პრემიერმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.
მისი თქმით, ბათუმის ბულვარსა და სხვადასხვა წერტილში ტესტირება გასაძლიერებელია.
"მოგეხსენებათ, რომ ბათუმში დაფიქსირებული შემთხვევებიდან ეს 22 ადამიანი გვყავს კვების ობიექტიდან. დღეს ბათუმში კონცენტრირებულია საკმაოდ მაღალი რაოდენობა ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც ისვენებენ და აქ ყურადღებაა გასამახვილებელი, გასაძლიერებელია ტესტირება ბულვარში და სხვადასხვა წერტილში", - განაცხადა პრემიერმა.
საქართველოში დღეს გამოვლენილი 38 შემთხვევიდან 22 ბათუმის საკონდიტრო დონას უკავშირდება.