logo
ENG



გახარია: ეს არჩევნები არც თავისუფალი ყოფილა, არც სამართლიანი

01 ნოე 202100:02
3 წუთის საკითხავი
 
გახარია: ეს არჩევნები არც თავისუფალი ყოფილა, არც სამართლიანი

ექსპრემიერმა და თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, გიორგი გახარიამ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თქვა, რომ ის არც თავისუფალი ყოფილა და არც სამართლიანი. 

ტვიტერზე მან დაწერა: 

"ეს არჩევნები არც თავისუფალი ყოფილა, არც სამართლიანი. ჩვენ სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსებისა და ფულის ბოროტად გამოყენებაზე. საჯარო სექტორის პოლიტიკური მიუკერძოებლობა გარანტირებული უნდა იყოს. სხვაგვარად რისკია, ხმის მიცემა უაზრო შოუდ იქცეს". 

გიორგი გახარიამ თბილისის მერის არჩევნების I ტურში ხმების 9.41% მიიღო. მეორე ტურში ერთმანეთს ენმ-ის და ოპოზიციის კანდიდატი, ნიკა მელია და ქართული ოცნების კანდიდატი, კახა კალაძე დაუპირისპირდნენ. გახარიამ თქვა, რომ არც ერთ მათგანს მხარს არ დაუჭერდა. 

გახარიას პარტიამ საქართველოსთვის რეგიონების საკრებულოებში რამდენიმე მანდატი მოიპოვა. 

არჩევნებამდე მისი პარტიის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის, შანტაჟის და მუქარის მსხვერპლები ხდებოდნენ. 

***

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდა. ცესკოს წინასწარი შედეგებით, ყველა თვითმმართველ ქალაქსა და თემში, გარდა წალენჯიხისა, ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა. 

არჩევნები მმართველი პარტიის წევრების მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენლებზე, კრიტიკული მედიების ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებზე ძალადობის ფონზე წარიმართა.

არჩევნების შედეგებზე გავლენა მოახდინა ბიულეტინების გაბათილებამ, ამომრჩევლებსა და კანდიდატებზე ზეწოლამ და ძალადობამ. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით, არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება მოეხდინა საბოლოო შედეგებზე. ISFED-ის შეფასებით კი, "მეორე ტური გაშვებული შესაძლებლობაა დემოკრატიული განვითარების გზაზე". 

ამასთან, ბათუმსა და ქუთაისში გაბათილებული ბიულეტენების რაოდენობა აღემატება კანდიდატებს შორის ხმების სხვაობას. 

ეუთო/ოდირის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ალბერტ იონსონის თქმით, იყო ჩივილები დაშინებასა და ზეწოლაზე. მისივე განცხადებით, დამკვირვებლები პარტიული მხარდამჭერების როლში იყვნენ და უბნების გარეთ ამომრჩევლებზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ გარკვეული ჯგუფები და ხდებოდა ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენება.


close დახურვა