logo
ENG



გახარია: შაქარაშვილის საქმით პოლიტიკური სპეკულირება ამორალურია

10 ივლ 202010:48
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გიორგი შაქარაშვილის საქმეს ეხმაურება და ამბობს, რომ გამოძიება ყველა კითხვაზე პასუხს გასცემს. 

გახარიას შეფასებით, საქმის პოლიტიზირება არ უნდა ხდებოდეს. მისივე თქმით, ხელისუფლების ამოცანაა, გამოძიების მიმდინარეობას ხელი შეუწყოს. 

"მიმდინარეობს გამოძიება. სახელმწიფოს და პირველ რიგში საგამოძიებო ორგანოების ძირითადი ამოცანაა, უმოკლეს ვადებში გაეცეს პასუხი და არ დარჩეს არანაირი კითხვის ნიშანი. ეს კითხვები არ არის ისეთი, რომ სანამ ეს ტრაგედია ცხელია, საჯაროდ გამოვიტანოთ. ჩვენი ამოცანაა ხელი შევუწყოთ გამოძიებას. სპეკულირება ამ საქმით, პოლიტიკური მიზნებისთვის ამორალურია. პირველი მთავარი ამოცანაა, რომ გამოძიება ჩატარდეს და დამნაშავე დაისაჯოს. თუ გამოძიების პროცესში ჩართულმა ვინმემ, სამართალდამცველმა ჩაიდინა კანონდარღვევა ამისთვის არსებობს პროკურატურა. ეს არ უნდა იყოს ჭორაობის საგანი", - განაცხადა პრემიერმა. 

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

ვრცლად გიორგი შაქარაშვილის საქმესა და გაჩენილ კითხვებზე წაიკითხეთ აქ.

 

 


close დახურვა