საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩევნების მოსაგებად ხელისუფლებას არც სჭირდება და სურვილიც არ აქვს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების.
პრემიერის თქმით, საპარლამენტო არჩევნები მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში გაიმართება.
"ოპოზიციას მინდა ვუთხრა, რომ მთავრობას არანაირი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების არც სურვილი აქვს და არც სჭირდება. ამას 31 ოქტომბერს ყველა ერთად დავინახავთ, როდესაც არჩევნები ჩატარდება ღიად და დემოკრატიულად", - განაცხადა გახარიამ.
პრემიერმა მარნეულში მომხდარ ინციდენტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია.
"ძალადობა ნებისმიერი სახის, მათ შორის პოლიტიკური მოტივით, კატეგორიულად მიუღებელია. შესაბამისს უწყებებს აქვთ დავალებები, რომ ასეთი ძალადობის ქმედებებზე უსწრაფესი რეაგირება მოხდეს", - აღნიშნა პრემიერმა.
სექტემბრის თვის ბოლოს ბოლნისსა და მარნეულში რამდენიმე ინციდენტი მოხდა.
მათ შორის, ყველაზე მასშტაბური ძალადობა - 29 სექტემბერს. მარნეულში ქართული ოცნების ოფისთან თავს დაესხნენ მთავარი არხის ოთხ თანამშრომელს. მათ ჟურნალისტ ჯეიჰუნ მუჰამედალის სცემეს და თავი გაუტეხეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მათ გადამღებ ჯგუფსაც დაესხნენ თავს, ოპერატორს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრებს და მოძრაობა 2020-ისაქტივისტებს.
თავდასხმაში ქართული ოცნების მხრიდან 10-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ინციდენტებში მონაწილე 4 პირი.
მათგან 2 ქართული ოცნების წევრია და მარნეულში 29 სექტემბრის ინციდენტის დროს ნაციონალური მოძრაობის წევრებზე ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული. ერთი მათგანი მარნეულის მერიის ავტოპარკის უფროსი, გიორგი ჯალაღონიაა, მეორე - ქართული ოცნების აქტივისტი, გიორგი შუბითიძე.
ასევე, შსს-ის განცხადებით, დაკავებულია ენმ-ის ორი აქტივისტი.
ერთი დაკავებული პარტიის ბოლნისელი აქტივისტი, არიფ იუსუფოვია, რომელსაც ბრალად ქართული ოცნების წევრის, გოგი მეშველიანის ძმისთვის ბლაგვი საგნით ჯანმრთელობის დაზიანება ედება. აღსანიშნავია, რომ თავად იუსუფოვი ინციდენტში მმართველი გუნდის მხარდამჭერებს ადანაშაულებს.
ასევე, დააკავეს ენმ-ის წევრი, ლაშა ქველაძე, რომელსაც ბრალად დაედო 29 ოქტომბერს, მარნეულის ინციდენტის დროს ქართული ოცნების მხარდამჭერისთვის ბლაგვი საგნის ჩარტყმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.