logo
ENG



გახარია ჩხოროწყუზე: ვერ წარმომიდგენია, ეს ადამიანები იმ შენობაში როგორ უნდა მივიდნენ

01 თებ 202115:17
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერი გიორგი გახარია ჩხოროწყუში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქმეზე გამოძიებასაც და ხელისუფლებასაც უმკაცრესი რეაგირება ექნებათ. ჩხოროწყუს ერთერთი სკოლის მოსწავლეებს მიერ მერიის შენობის საპირფარეშოს დასუფთავების კადრები გუშინ, 31 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა. ბავშვების თქმით, მათ არ იცოდნენ, რომ საპირფარეშოს დასასუფთავებლად მიყავდათ.

"მე ვერ წარმომიდგენია ეს ადამიანები იმ შენობაში სამუშაოდ როგორ უნდა მივიდნენ და როგორ უნდა ემსახურონ იმ მოქალაქეებს, სადაც ასეთი აღმაშფოთებელი რამ მოხდა. დარწმუნებული ვარ, გამოძიება ბოლომდე მივა და გამოძიებასაც და ხელისუფლებასაც უმკაცრესი რეაგირება ექნებათ", - განაცხადა გახარიამ.

ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრში აცხადებენ, რომ მათ არ იცოდნენ თუ სად მიდიოდნენ ბავშვები და როგორც კი საქმის დეტალები გაიგეს, ინფორმაცია შსს-ს მიაწოდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.

თავის მხრივ, მოსწავლეები ფორმულასთან საუბარში აცხადებენ, რომ მათ არ იცოდნენ, რომ საპირფარეშოების დასასუფთავებლად მიყავდათ. ბავშვების თქმით, ისინი საპირფარეშოების დასასუფთავებლად ეთერ ჯაფარიძემ წაიყვანა. 

ჩხოროწყუს მერის, დავით გოგუას თქმით, ეთერ ჯაფარიძე მერიის დასუფთავების სამსახურის ყოფილი თანამშრომელია და მას ხელშეკრულება 31 დეკემბერს ამოეწურა. ამასთან, გოგუა აცხადებს, რომ უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვინც ჩხოროწყუს მერიის შენობაში ერთერთი სკოლის მოსწავლეებს საპირფარეშო დაასუფთავებინა. აღსანიშნავია, რომ ამ წუთებში ჩხოროწყუს მერიის შენობასთან აქტივისტები აქციას მართავენ, ისინი გოგუას გადადგომას მოითხოვენ.

თავად ჯაფარიძე კი აცხადებს, რომ მომხდარს არ ნანობს. 

"დასანანი აქ არაფერია. როცა მთლიანად აქცია კეთდება და დედამიწის დღეს ორდღიანია და ყველა ბავშვები ტყესა და ღრეში რომ არიან, ის დანაშაული არის თუ არა?", - აცხადებს ჯაფარიძე.

რაც შეეხება სკოლის დირექტორს, მისი თქმით, ეთერ ჯაფარიძემ განუცხადა, რომ იყო დასუფთავების პროექტი და ამ პროექტში სხვადასხვა სკოლები იყვნენ ჩართულნი. დირექტორის თქმით, მისი ინფორმაციით, ჯაფარიძე დასუფთავების თანამშრომელი იყო.

საქმეზე მოკვლევა დაიწყო განათლების სამინისტრომაც. 

 


close დახურვა