მთავარი არხის გენერალური დირექტორი და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ ალტერნატიული კონსილიუმის შექმნას აპირებენ. როგორც გვარამიამ თქვა, სააკაშვილი სრულ ნდობას უცხადებს უკვე არსებულ კონსილიუმში შემავალ ექიმებს, თუმცა არ ენდობიან კონსილიუმს, რომელშიც იუსტიციის მინისტრი და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე შედიან.
ნიკა გვარამიამ კონსილიუმის შექმნით ორგანიზაცია ემპათიის ხელმძღვანელს, მარიამ ჯიშკარიანს მიმართა.
"თუ სურთ იმ ექიმებს მონაწილეობის მიღება, ვინც ამ კონსილიუმში არის, დიდი სიამოვნებით მივესალმებით დამოუკიდებელი კონსილიუმის ჯგუფში. ჩვენ არ ვენდობით იმ კონსილიუმს, სადაც მონაწილეობას იღებს იუსტიციის მინისტრი. გაურკვეველია რატომ იღებს მონაწილეობა, რა კვალიფიკაცია აქვს ამისი. [არ ვენდობით კონსილიუმს] სადაც მონაწილეობას იღებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, რომელმაც ის განცხადებები გააკეთა, რაც გააკეთა. ამ ადამიანებს აქვთ უკვე გადაწყვეტილება მიღებული წინასწარ, ამას არც მალავენ, ამიტომ სრულად გაუგებარია რას ემსახურება კონსილიუმის ფორმატში განხილვები, როცა არც ერთ რეკომენდაციას პენიტენციური დაწესებულება არ განიხილავს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ გვარამიამ მიხეილ სააკაშვილის ახალი მიმართვა წაიკითხა. ექს-პრეზიდენტი კვლავ უარს აცხადებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანონ. გარდა ამისა, გვარამიამ თქვა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის სარჩელს ამზადებენ.
სააკაშვილი 26-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. მათივე განცხადებით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, არსებობს გულის გაჩერების რისკიც, ციხის საავადმყოფოში კი სააკაშვილის უსაფრთხოება ვერ იქნება დაცული.
მიხეილ სააკაშვილის პროფილაქტიკური ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია ექიმების კონსილიუმმაც გასცა. კონსილიუმში ამბობენ, შიმშილობა განსაკუთრებული მდგომარეობაა და თავის დაზღვევა საჭიროა.
ციხის საავადმყოფოში არ არის სათანადო დიაგნოსტიკური აღჭურვილობა. გარდა ამისა, ომბუდსმენის განცხადებით, ციხის საავადმყოფო არ შეესაბამება არც რეკომენდაციებს და არის უსაფრთხოების რისკებიც.
ამის საპასუხოდ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია