ვარდების რევოლუციის 20 წლისთავზე, ზუსტად იქ, ანუ თავისუფლების მოედანზე, სადაც ვარდების რევოლუციისა და ქვეყნის განვითარების ბედი გადაწყდა, ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოში საკუთარი ბიზნეს აქტივობის გვირგვინი და დედაქალაქზე ურბანული ძალადობის სიმბოლო, სასტუმრო პარაგრაფი გახსნა. ღონისძიება ირაკლი ღარიბაშვილმა პირადად დაამშვენა. ცხადია, მადლობებიც გადაუხადა... ვის - დაზუსტებას არ საჭიროებს.
პარალელურად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, მოლდოვის პრეზიდენტი, ამერიკისა და გერმანიისა თავდაცვის მინისტრები ნარინჯისფერი რევოლუციისა და მაიდანის წლისთავის აღსანიშნავად კიევში ჩავიდნენ და პრეზიდენტ ზელენსკისთან და უკრაინის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან ერთად ამ ქვეყნის თავისუფლებისა და პროდასავლური გეზისთვის გაღებული მსხვერპლის ხსოვნას ღირსეული პატივი მიაგეს. მოგვიანებით, უკრაინის დედაქალაქში მიშელის, ზელენსკისა და სანდუს სამმხრივი შეხვედრა გაიმართა, სადაც ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირმა უკრაინისა და მოლდოვას პროგრესს მოლაპარაკების დასაწყებად შთამბეჭდავი უწოდა.
"10 წლის წინ დავიწყეთ ბრძოლის ახალი ეტაპი. უკრაინელები შეუდგნენ პირველ კონტრშეტევას უკანონობის, ევროპული მომავლის წართმევის მცდელობის და მორჩილების წინააღმდეგ. 20 წლის წინ იყო რომანტიკული ოცნება, 10 წლის წინ კი ამბიციურ მიზნად იქცა. დღეს კი რეალობაა და შეუძლებელია ჩვენი პროგრესის და სავალდებულო ნაბიჯების დასრულების შეჩერება. კანდიდატის სტატუსის და წევრობაზე მოლაპარაკებების შედეგი იქნება უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში. ამ ყველაფერს ვაკეთებთ ომის მიუხედავად. ჩვენ გვაქვს ღირსება და არ დავუშვებთ, რომ ჩვენი თავისუფლება წაგვართვან. უნდა დავიცვათ ჩვენი თავისუფლება, რომ არ დავკარგოთ ღირსება", - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.
"10 წლის წინ უკრაინელები ქუჩებში გამოვიდნენ, რათა თავისი ევროპული მომავალი დაეცვათ, რათა კორუფციასთან ებრძოლათ, რათა ევროპული ღირებულებებისთვის, დემოკრატიისთვისა და ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის ებრძოლათ. თქვენ გააკეთეთ ეს 2014 წელს და ახლა, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი მოხდა. სოლიდარობა და თავისუფლად ყოფნის სურვილი აჩვენეთ, თქვენი ერის ძალა აჩვენეთ. თქვენი ქვეყანა ევროპულ გზაზე დააყენეთ, და აგრძელებთ ევროკავშირთან მიახლოებას, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანება მას არა მხოლოდ უფრო დიდს, არამედ უფრო ძლიერსაც გახდის. ამიტომ გაწევრიანებისთვის ყველა შესაძლებლობა გვინდა მოგცეთ… მადლობა მინდა გადაგიხადოთ და მოგილოცოთ, რომ ევროკავშირისკენ მიდიხართ", - თქვა შარლ მიშელმა.
ის ფაქტი, რომ ამ შეხვედრაზე საქართველო არც მონაწილეობდა და არც უხსენებიათ, ცხადი ნიშანია იმისა, რომ ოცნების ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყანა სრულად ჩამოაცილა ასოცირებულ ტრიოს, რომლის უპირობო ლიდერებიც ვიყავით სულ რამდენიმე წლის წინ. თუმცა ის, რომ ვარდების რევოლუციის 20 წლისთავზე თბილისში არც ერთი დასავლელი ლიდერი არ ჩამოდის, იმ მოვლენის აღსანიშნავად, რომელიც სწორედაც რომ მიშელის ნახსენებ პრობლემებზე: ღრმა კორუფციაზე, სოციალური უთანასწორობაზე, საგარეო ვექტორის გაურკვევლობასა და რუსეთზე მზარდ დამოკიდებულებაზე - ქართველი ხალხის, გაერთიანებული ოპოზიციური სპექტრის საერთო პასუხი და პირველი ხავერდოვანი რევოლუცია იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში, გაცილებით ღრმა და ყოვლისმომცველ პრობლემებზე მეტყველებს.
რომ აღარაფერი ვთქვათ დევიდ კამერონზე, გაერთიანებული სამეფოს ყოფილ პრემიერზე, რომელიც პირველი დასავლელი ლიდერი იყო რომელიც ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის რანგში, რუსეთის თავდასხმის შემდეგ, ომის ცხელი ფაზის დროს თბილისში ჩამოვიდა. ეს კაცი, სულ რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა, პირველი ვიზიტით კიევს და კიშინიოვს ეწვია და უკრაინელ და მოლდოველ ხალხს გაერთიანებული სამეფოს სახელით მხარდაჭერა გამოუცხადა. სამწუხაროდ ამჯერად თბილისი ვეღარ მოხვდა იმ პოლიტიკოსის ვიზიტების ჩამონათვალში, რომელმაც ყველაზე სარისკო სიტუაციაშიც ყველა თავის კოლეგაზე ადრე მიიღო აქ ჩამოსვლის და ჩვენი მხარდაჭერის გადაწყვეტილება.
როდესაც მაიდანის რევოლუციის მე-10 წელს ლამის მთელი მსოფლიო კიევშია, ხოლო ვარდების რევოლუციის 20 წლისთავზე ჩვენს აეროპორტებში არც ერთი დასავლელი ლიდერის თვითმფრინავი არ ჩანს, ხელისუფლებასთან დაკავშირებული რადიკალური ჯგუფები კი თბილისში ანტი-მაიდანს აანონსებენ, დამატებითი კითხვები აღარ უნდა ჩნდებოდეს თუ სად ვართ და რა ხდება ჩვენს თავს. ცხადია ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არათუ ვარდების რევოლუციის მიღწევებს არ აღიარებს, არამედ მისი მნიშვნელობისა და ისტორიული შედეგების აქტიური რევიზიონიზმითაა დაკავებული. თუმცა, ამ დღეებში და მომავალშიც, ისტორიკოსებისა თუ ანალიტიკოსების, ვარდების რევოლუციის გულშემატკივრების თუ კრიტიკული თვალით შემფასებლების, ყველას, ვინც აღიარებს რომ სწორედ ამ მოვლენამ დაუდო საფუძველი ქვეყნის ინსტიტუციონალური კონტურების გამოკვეთას და საქართველოს, როგორც შემდგარი სახელმწიფოს მსოფლიო რუკაზე დატანას, შეფასებისა და განჯის მთავარი საგანი მაინც ის უნდა გახდეს, რა მოხდა ისეთი, ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდში, ან უფრო მეტად - რა ვერ, ან არ მოხდა, რამაც პოსტსაბჭოური რევანშის შესაძლებლობა განაპირობა. უკვე 11 წელია ხელისუფლებაში გვყავს კლეპტოკრატიული, რუსეთზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა, რომელიც სიტყვითაც და საქმითაც იმის სრულიად საწინააღმდეგოს დემონსტრირებას ახდენს, რა იდეალების გამოც ვარდების რევოლუციას საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დაუჭირა მხარი.
კორუმპირებული მილიციის პატრულით ჩანაცვლება; რადიკალური საგადასახადო რეფორმა; სახელმწიფო აპარატისა და საჯარო სამსახურების საგრძნობლად შემცირება და მერიტოკრატიის პრინციპზე გადაყვანა; კორუფციის მოსპობა; ორგანიზებული დანაშაულებრივი სამყაროს დამარცხება; ინფრასტრუქტურის გამართვა; ენერგეტიკული პრობლემების მოგვარება; ბიუროკრატიის გამარტივება - იუსტიციის სახლები, ხელფასებისა და პენსიების ზრდა და დავალიანებებისა თუ დაგვიანებების მოწესრიგება, საავადმყოფოების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ეს მხოლოდ ნაწილია იმისა რაც წარმატებით გააკეთა ვარდების რევოლუციის ხელისუფლებამ და ამის არ დანახვა უბრალოდ შეუძლებელია. თუმცა, გააკეთა ეს ხისტად და რიგ შემთხვევებში უხეშად და შიგადაშიგ უსამართლოდ;
გვახსოვს როგორ მოექცა ის კრიტიკულ მედიას, პოლიტიკურ ოპონენტებს, რამდენად მძიმე ჩავარდნა იყო პენიტენციურ სისტემაში. განგრძობადი რევანში ნაწილობრივ ალბათ ამის გამოც შედგა. თუმცა მისი მთავარი მიზეზი მაინც ალბათ ისაა, რაც არ გააკეთა ვარდების რევოლუციის ხელისუფლებამ: საქართველომ ვერ მიიღო დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები, რეგიონული დეცენტრალიზაცია და ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობა, განათლების სისტემის რეფორმა მხოლოდ უმაღლესი საფეხურით და ისიც მხოლოდ ეროვნული გამოცდების შემოღებით შემოიფარგლა, არ გვეღირსა რეფორმირებული და კონკურენციის უზრუნველმყოფი საარჩევნო სისტემა: ვარდების რევოლუციის მთავრობა ვერ შეელია არჩევნებში ოპონენტების ხელის გადაგრეხას და მახინჯ მაჟორიტარულ სისტემას, რომელიც დღემდე უსამართლო ფორას აძლევდა ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკურ ძალას.
20 წელი სრულდება მთელი რეგიონის მასშტაბით ყველაზე მნიშვნელოვანი რევოლუციური მოვლენისგან, რომელიც არაერთი ფერადი რევოლუციის ინსპირაციის წყარო გახდა, მათ შორის უკრაინის ნარინჯისფერი თუ მაიდანის რევოლუციების. მისი მთავარი ფიგურა და შემოქმედი მიხეილ სააკაშვილი დღეს ციხეშია. ქვეყანას ჰყავს რუსული ინტერესების მსახურებაში მყოფი ოლიგარქის მარიონეტული მთავრობა, რომელიც განასახიერებს პოსტსაბჭოურ რევიზიონიზმსა და რევანშიზმს იმ იდეებთან და იდეალებთან მიმართებაში, რასთანაც ვარდების რევოლუცია ქვეყნის შიგნით თუ გარეთ სამართლიანად ასოცირდება.
სწორედ ამიტომ, ეს დღეები, ძლიერი ეროვნული, ევროპული და დემოკრატიული სახელმწიფოს გულშემატკივრისთვის საზეიმოზე მეტად დასაფიქრებელი უფროა, დასაფიქრებელი იმაზე თუ 20 წლის წინანდელი შეცდომების გათვალისწინებით, კვლავ როგორ მივაღწიოთ ისტორიულ გარღვევას, რომ როგორმე საბჭოური ტიპის ნომენკლატურული რეჟიმის სრულ რესტავრაციას და მისი დიდი ხნით ჩაბეტონებას გადავრჩეთ. რა გავაკეთოთ რომ ისტორიამ დღევანდელივით ასე მწარედ არ დაგვცინოს?!
"ვარდების რევოლუცია იყო ქართველი ხალხის მიერ, მსოფლიოს თვალში, საკუთარი ღირსების აღდგენა და უპირატესობის დადასტურება, ეს იყო საქართველოს სულიერი მისიის განხორციელება. და მე მართლა ერთი რამ ვიცი, რომ ეს იყო, უზარმაზარი ეროვნული ენერგიის გამოთავისუფლება, მთავარია, რომ ეს ენერგია წავიდეს ქვეყნის აღმშენებლობაზე", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.