logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: რატომ გვჭირდება რიგგარეშე არჩევნები

14 სექ 202221:10
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/14/uhqpngn7la4opzq.jpg

რიგგარეშე არჩევნები საპარლამენტო რესპუბლიკაში ის ერთადერთი ლეგიტიმური მექანიზმია, რომელიც სერიოზული კრიზისებისა და პრობლემებისას, მოსახლეობას ხელისუფლების დროზე ადრე, მშვიდობიანად შეცვლის შესაძლებლობას აძლევს. მე ჩამოვთლი არგუმენტებს რიგგარეშე არჩევნების სასარგებლოდ თუ საწინააღმდეგოდ დღევანდელ საქართველოში და საზოგადოებამ გადაწყვიტოს, რამდენად ლეგიტიმური, პრაქტიკული შედეგის მომტანი ან თუნდაც დროული იქნებოდა ასეთი არჩევნები.

გეოპოლიტიკური რეალობა რეგიონსა თუ მსოფლიოში იმდენად სწრაფად იცვლება, რომ შეუძლებელია, საქართველოს კი არა, ნებისმიერ სახელმწიფოს არ დაუდგეს ამ ცვლილებების შემჩნევის, თუ მათთან ადაპტირების სასიცოცხლო აუცილებლობა. ცნობილია, რომ ადამიანთა მოდგმა ერთადერთი მიზეზით გადარჩა: ჰომო საპიენსმა შეძლო კლიმატურ თუ სხვა ტიპის ცვლილებებთან სხვაზე უკეთ შეგუება. იგივე წესი მოქმედებს სახელმწიფოებთან მიმართებაშიც: ისტორიულად ის ქვეყნები გადარჩნენ და გააგრძელეს განვითარება, რომლებმაც დიდ გეოპოლიტიკურ ცვლილებებთან ადაპტირება მოახერხეს. ამდენად, იმისთვის, რომ დღევანდელი გეოპოლიტიკური მიწისძვრის პირობებში საქართველო, როგორც სახელმწიფო გადარჩეს, საჭიროა პოლიტიკური გეზის რადიკალური ცვლილება თუ განახლება, რაც, შეუძლებელია სრულად დეგრადირებულმა და ჩამყაყებულმა, ჩრდილოური პოლიტიკური ხაზის მიმდევარმა და რაც მთავარია გეოპოლიტიკური ცვლილებების არაადეკვატურ აღქმაში მყოფმა ხელისუფლებამ მოახერხოს.

გეოპოლიტიკური კლიმატის რადიკალური ტრანსფორმაცია და ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური გეზის არსებულ რეალობასთან ადაპტირება არის ის მთავარი არგუმენტი, რის გამოც საქართველოში რიგგარეშე არჩევნები აუცილებელია. რადგან, თუ 2024 წელს დაველოდებით, ეს ნიშნავს რომ ხელიდან გავუშვებთ იმ უნიკალურ შესაძლებლობას, რასაც მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების შედეგად, ეკონომიკური, ენერგეტიკული თუ უსაფრთხოების ახალი სისტემების ჩამოყალიბების და თავისუფალი სამყაროს სივრცის გაფართოების პროცესი გვაძლევს. არადა, დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენ წარმოვადგენთ არა უბრალოდ ნეიტრალურ, არამედ ნეგატიურად პასიურ სახელმწიფოს, რომელიც ისტორიის არასწორ მხარეს დგას, რითაც ჩვენდამი დადებითად განწყობილ დასავლურ პოლიტიკურ ცენტრებს საქართველოსთან პარტნიორობის ენთუზიაზმს თუ არ ვუკლავთ, მნიშვნელოვნად ვუნელებთ.


რიგგარეშე არჩევნების მოწინააღმდეგეთა მთავარი არგუმენტია, რომ დღეს ოპოზიცია სუსტია, დაქსაქსულია და რესურსების სერიოზულ ნაკლებობას განიცდის, რის გამოც გამარჯვების ნაკლები შანსი აქვს. ამიტომ, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა და მიღწევა კონტრპროდუქტიულიც კი იქნება. ჩემი აზრით, ეს ძალიან სუსტი არგუმენტია, რადგან თუ მიგვაჩნია, რომ ოპოზიციის სისუსტის გამო არ არის სასურველი რიგგარეშე არჩევნები, მაშინ რა ფაქტორების იმედად ვფიქრობთ, რომ ორი წლის შემდეგ, 2024 წლისთვის ის უფრო ძლიერი იქნება? ვინმეს ეჭვი ეპარება იმაში, რომ ივანიშვილის კლეპტოკრატიული ხელისუფლება შემდეგი წლების განმავლობაში უფრო დიდი სისწრაფით გააგრძელებს ოპოზიციის დასუსტებას, დაქსაქსვას და მათთვის რესურსების მაქსიმალურად შეზღუდვას; არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლას და მათ ფინანსურ შევიწროებას; ან თავისუფალი მედიისთვის საარსებო სივრცისა და რესურსების შეკვეცას? ამიტომ, თუ დღეს ვეგუებით ვითარებას, ეს ნიშნავს რომ 2024 წლისთვის საქმე ბევრად ცუდად იქნება.

მეორე კონტრარგუმენტი ისაა, რომ არსებული საარჩევნო გარემოს პირობებში, როცა ხელისუფლებას არჩევნების შედეგებით მანიპულირების არაერთი მექანიზმი გააჩნია, აზრი არ აქვს არჩევნების დაჩქარებას. თუ ჩვენ ვაღიარებთ მოცემულობას, რომ ამ მიმართულებით ცვლილებებს ვერ მივაღწევთ და ხელისუფლების უსამართლო დომინაციის პირობებში, საზოგადოებრივი განწყობების საარჩევნო შედეგში ასახვა შეუძლებელია, მაშინ გამოდის, რომ არჩევნებს საერთოდ არ აქვს აზრი. ამიტომ, თუ რიგგარეშე არჩევნებს ამ არგუმენტით ეწინააღმდეგები, გამოდის, რომ ან ავტორიტარული ხელისუფლების წინაშე კაპიტულაციას აცხადებ და მისი ვერტიკალის კიდევ უფრო გამყარებას ეგუები, ან საერთოდ უარს ამბობ არჩევნებზე, როგორც ხელისუფლების ცვლილების ლეგიტიმურ მექანიზმზე და რევოლუციურ სცენარს ემხრობი. რეალობა კი ისაა, რომ ასეთი სკეპტიკოსები არც კაპიტულაციას აღიარებენ და არც ქვეყანაში ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ საყოველთაო დაუმორჩილებლობას თუ სხვა რადიკალურ ნაბიჯებს ემხრობიან.

კიდევ ერთი არგუმენტი: რიგგარეშე არჩევნების წინააღმდეგ იმ საკონსტიტუციო ჩანაწერს უკავშირდება, რომლის მიხედვითაც არჩევნები 2024 წელს აუცილებლად უნდა ჩატარდეს. კითხვა ასე ისმის: რა აზრი აქვს 2023 წელს რიგგარეშე არჩევნებს, თუ კონსტიტუცია 2024 წელს მაინც გვავალდებულებს არჩევნების ჩატარებას? ეს კონტრარგუმენტი ყველა ზემოთ ჩამოთვლილზე სუსტია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩვეულებრივი არჩევნები კი არ არის, რომელიც რუტინული პოლიტიკური კალენდრის ნაწილია, არამედ ექსტრაორდინარული - ხელისუფლების კონკრეტული ქმედებების ან უმოქმედობის გამო დამდგარი კრიზისის შედეგია და რომლის დროსაც მოსახლეობის უმრავლესობა ბოლომდე აცნობიერებს არსებული პოლიტიკური რეალობის სასწრაფოდ ცვლილების აუცილებლობას. ის, რომ 2024 წელს არჩევნები მაინც ჩასატარებელია, ვერანაირად ვერ იქნება რიგგარეშე არჩევნების საწინააღმდეგო არგუმენტი, თუ ხელისუფლებამ უკვე სერიოზულად გააფუჭა ან დააშავა რაღაც, ან მისი ძალაუფლებაში დარჩენა ქვეყანას განვითარების პერსპექტივას უკლავს.

მეტიც, ჩვენ ვსაუბრობთ პრორუსული, ავტორიტარიზმთან მიახლოებული, სახელმწიფოს მიმტაცებელი ხელისუფლების არჩევნებით დამარცხებაზე, რასაც პროდასავლური ოპოზიციის ძალიან სერიოზული კონსოლიდაცია ჭირდება. ამიტომ, ეს ვერ იქნება რიგითი დემოკრატიული არჩევნები, სადაც მოსახლეობა პოლიტიკურ იდეოლოგიებსა და საარჩევნო პროგრამებს შორის აკეთებს არჩევანს. არამედ ექსტრაორდინარული, ე.წ. შავთ-თეთრი არჩევები, სადაც პრორუსულ ხელისუფლებას პროდასავლური ოპოზიციის მსხვილი გაერთიანება, ან გაერთიანებები უპირისპირდება, მათი პროგრამული თუ იდეოლოგიური თანხვედრის მიუხედავად. რაც იმასაც ნიშნავს, რომ პროდასავლური ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ამ პრინციპით დაკომპლექტებული პარლამენტის მთავარი ფუნქცია ქვეყნის პროდასავლური განვითარების გზაზე დაბრუნება და საარჩევნო გარემოსა და სისტემის გაკეთილშობილება იქნება. ქვეყნის წინ მდგომი არაერთი მწვავე თუ გრძელვადიანი პრობლემის მოსაგვარებლად კი, საჭირო გახდება კიდევ ერთი, ამჯერად უკვე რეგულარული, ევროპული სტანდარტებით ჩატარებული დემოკრატიული არჩევნები, სადაც პოლიტიკური პარტიები უკვე ერთმანეთს გაუწევენ ჯანსაღ კონკურენციას და საქართველოს მოსახლეობა იდეოლოგიური და პროგრამული ნიშნით გააკეთებს არჩევანს. კონსტიტუციური ნორმა 2024 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით იმ საფრთხისგანაც დაგვაზღვევს, რომ 23 წელს რიგგარეშე არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოსულმა ახალმა უმრავლესობამ ძალაუფლების არაჯანსაღი კონსოლიდაცია თავადაც არ დაიწყოს და ევროპული პოლიტიკური განვითარების გზაზე ახალ დაბრკოლებად არ იქცეს.

რამდენად მიღწევადია რიგგარეშე არჩევნები მე დღეს ამაზე არ ვისაუბრებ. ამის განსაზღვრა პოლიტიკოსების საქმეა და ისიც ცხადია, რომ მისი უბრალოდ მოთხოვნა საკმარისი არ არის. რიგგარეშე არჩევნები უნდა იყოს შედეგი პოლიტიკური კრიზისის, რის გამოც ხელისუფლება უკვე ვეღარ ახერხებს ქვეყნის მართვას და იძულებული ხდება ამ ფორმით ან განაახლოს მანდატი, ან ძალაუფლება მშვიდობიანად დათმოს. ასეთი კრიზისის წინაპირობა საქართველოში უკვე არსებობს, რაც ოცნების ხელისუფლების მხრიდან სახელმწიფოს მიტაცებაში, პოლიტიკური ვექტორის რუსეთისკენ შეტრიალებაში და ევროპული პერსპექტივის დაკარგვის რეალურ საფრთხეში გამოიხატა. თუმცა რამდენად გადაიქცევა ეს წინაპირობები პოლიტიკური კრიზისად და მივა რიგგარეშე არჩევნებამდე, ეს უკვე თქვენი, საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია.


close დახურვა