სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს და ამბობს, რომ მასზე "გენერალური შეტევა" მზადდება.
გოგაშვილის თქმით, ქართული ოცნების წევრები ცუდად შესრულებული დავალების გამო "დაიტუქსნენ" და ახლა მისი საუბრის ჩანაწერების "დაჩეხვას, დამონტაჟებას და გამოქვეყნებას" გეგმავენ.
ამავე წერილში გოგაშვილი აცხადებს, რომ "POSTV სუსის სპეციალური დანაყოფია", რომლის შექმნაშიც თავადაც მონაწილეობდა და მალე "მისი შექმნის ქრონიკებზე" მოყვება.
სოსო გოგაშვილის წერილი:
„ქოცებო, გავიგე მამა-მარჩენალს ძალიან დაუტუქსიხართ ცუდად შესრულებული დავალების გამო და ახლა ამზადებთ გენერალურ შეტევას ჩემზე, სადაც არსენალში ჩემი საუბრის დაჩეხვა და დამონტაჟება შეგიყვანიათ, რომელსაც გამოაქვეყნებთ. ეს ხო უკვე დააანონსებინეთ "ვიტალი ხაზარაძეებს": რა ალაპარაკებს და ვინ ალაპარაკებს ამას მალე გავიგებთო. ეს მეთოდი უკვე მოძველებული და გაშიფრულია, არანაირ შედეგს არ მოგცემთ, მით უფრო ამას გადაფარავს თქვენი უწყვეტი და ავთენტური საუბრის ჩანაწერები. ისე ხომ არ ჯობია "სუკის" ბებერი "ვოლკის" ტაქტიკა გამოიყენოთ, გიჟად გამომაცხადოთ ან ფსიქიკურად დაავადებულად, მაგრამ შემდეგ ხომ ციხიდან გაშვება მოგიწევთ ჩემი, მოკლედ შარში ხართ.
პ.ს ახლა არ გამოდგათ "ვიტალი ხაზარაძე" და არ ათქმევინოთ, აი თავს იზღვევს წინასწარ და პრევენციას აკეთებსო. მარჩენალს პლიუს ხუთ კაცში რომ ვიყავი და შინაური ბინძური სამზარეულოს ყველა ხერხი და მეთოდი რომ ვიცი დაგავიწყდათ?
პ.პ.ს მალე: როგორ იწრთობოდა "POSTV" სუსის სპეციალური დანაყოფის შექმნის ქრონიკები". (ვიტალი, ამ პროექტის შექმნაშიც ვიღებდი მონაწილეობას და ახლა იყუჩე).
სოსო გოგაშვილი
306-ე საკანი"
***
სოსო გოგაშვილი 16 ივლისს, გამთენიისას სპეცოპერაციით დააკავეს. დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე სოსო გოგაშვილმა ფეისბუქზე დაწერა, რომ ჰქონდა 2021 წლის არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები, რომელიც "შესაბამის ორგანიზაციას" გადასცა.
რამდენიმე დღით ადრე კი გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც მთავარი არხის ჟურნალისტების ფარული მიყურადებით იყო მოპოვებული. აღნიშნულ აუდიოჩანაწერში საუბარი იყო სოსო გოგაშვილზეც.
სოსო გოგაშვილმა ქართული ოცნება 2020 წლის ოქტომბერში დატოვა. ის სუს-ის უფროსის მოადგილედ 2015-2018 წლებში მუშაობდა. 2014 წელს შსს-ს გენინსპექციის უფროსი იყო. გოგაშვილი ხელმძღვანელობდა პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს.
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე 3 მუხლით არის დაკავებული: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის მუხლებით. სამივე საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს.
პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის მუხლთან დაკავშირებით საუბარია რუსეთის 2 მოქალაქის, კონსტანტინე რომანოვსკის და დავით ადამიას საჩივრებზე, რომელთა საფუძველზეც არის დაკავებული სოსო გოგაშვილი.
ამ ორი ადამიანის სახელი ტვ პირველის ეთერში გასულ ერთ-ერთ ინტერვიუში ახსენეს. ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ გოგაშვილს ჰკითხა, ხომ არ იყო ეს ორი ადამიანი რუსეთის აგენტი, რაზეც გოგაშვილმა უპასუხა, რომ ჰქონდა ინფორმაცია მათ შესახებ.
კონსტანტინე რომანოვსკიმ სოსო გოგაშვილს მორალური ზიანის მიყენებისთვისაც უჩივლა.
რაც შეეხება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას, გოგაშვილის დაცვის მხარე ამბობს, რომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სახელზე 13 რეგისტრირებული იარაღია, ხოლო ის 2 დაურეგისტრირებელი იარაღი, რომლის უკანონო ფლობასაც ედავებიან, მას ჩაუდეს.
18 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს სოსო გოგაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ციხეში ყოფნისას მან რამდენიმე წერილი გაავრცელა, რომელიც არჩევნების გაყალბების, ვახტანგ გომელაურის საქმიანობის, აფგან მუხთარლის საქმის და გელა ხვედელიძის ცემის დეტალების გასაჯაროებას ისახავდა მიზნად.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ და სამართლიანმა არჩევნებმა (ISFED) შეისწავლეს სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის მიერ მიწოდებული მასალა და 21 ივლისს გამოაქვეყნეს დოკუმენტი, რომლის პირველ ნაწილში აღწერილია მმართველი პარტიის სასარგებლოდ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების მასშტაბური სქემა.
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული მასალის მეორე ნაწილში საუბარია საჯარო სამსახურების პოლიტიზირებაზე.
გოგაშვილის მიერ ორგანიზაციებისთვის მიწოდებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ქართული ოცნება და სუს-ი ერთად ქმნიდნენ საჯარო სკოლის დირექტორების პოლიტიკურ დოსიეებს და საკადრო პოლიტიკის გატარებისას დოსიეებში მოცემულ ინფორმაციას ეყრდნობოდნენ.
დოკუმენტის ბოლო, მესამე ნაწილში სამართალდამცავ ორგანოთა თანამშრომლების საარჩევნოდ მობილიზების გზებია აღწერილი.
26 ივლისს გამოქვეყნებულ წერილში კი გოგაშვილი წერდა, რომ ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით სცემეს შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გელა ხვედელიძეს 2017 წელს "ტელეფონზე ბიძინას გინების გამო", ასევე, ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი.
თუმცა, მისი თქმით, ორივე შემთხვევის ამსახველი კადრები ე.წ ოტომ, ანუ "ოპერატიულ-ტექნიკურმა დეპარტამენტმა "გააქრო".
11 აგვისტოს გამოქვეყნებულ წერილში გოგაშვილმა განაცხადა, რომ ციხეში ბიძინა ივანიშვილისგან მუქარა მიიღო. როგორც გოგაშვილი ამტკიცებს, მისგან სასურველი ჩვენების მიცემას მოითხოვენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სახალხო დამცველს, პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, უფლებადამცველებსა და დიპლომატიურ კორპუსს მიმართა, მისი ოჯახი დაიცვან.
"მე-12 დაწესებულებაში მივიღე მუქარა ბიძინა ივანიშვილისაგან, რომ თუ არ გავჩერდებოდი და სასურველ ჩვენებას არ მივცემდი, მოხდება ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურება. შეიძლება გავიგო, რომ ჩემი ოჯახი CO-თი გაიგუდა, ხანძარს ემსხვერპლა ან ავტოსაგზაო შემთხვევას. უკეთეს შემთხვევაში მოხდება ჩემი ოჯახის წევრებისა და ახლო გარემოცვისათვის ჩადება და მათი დაჭერა, ოცნების ზონდერ მედიების შემოსევა" - განაცხადა ყოფილმა მაღალჩინოსანმა.
12 აგვისტოს კი, მისი თქმით მუქარა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისგან მიიღო. გოგაშვილის თქმით, გომელაურმა გააფრთხილა, "მათი საუბრის გახმაურების შემთხვევაში, დაუმატებდა პრობლემებს, როგორიცაა საკანში აკრძალული ნივთის აღმოჩენა და პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიერ პროვოცირებული პროვოკაცია".
17 აგვისტოს გოგაშვილმა ციხიდან მორიგი წერილი გაავრცელა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მიმართავს. წერილში ის თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზეც საუბრობს.
გოგაშვილის თქმით, გომელაური საიდუმლოდ შეხვდა თემირლან მაჩალიკაშვილის დედას, მედიკო მარგოშვილს და "განიზრახა თავის დაძვრენა, უარესიც, გამწარებულ ოჯახთან გაგზავნა ბინძური ადამიანი, რომელსაც უხდიდა ფულს და დაავალა გოგაშვილის წინააღმდეგ მუშაობა, რათა დაეჯერებინა ოჯახი, თითქოსდა თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობა გოგაშვილის მიერ იყო ჩადენილი".
ამასთან დაკავშირებით მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა თქვა, რომ შვილის ლიკვიდაციის შემდეგ მასთან ხშირად დადიოდნენ გომელაურთან, გოგაშვილთან და სუს-თან კავშირში მყოფი პირები.