logo
ENG



გომელაური: რუსეთიდან შემოსული მოქალაქეების რაოდენობა 40-45%-ით გაიზარდა

27 სექ 202211:55
3 წუთის საკითხავი
 
გომელაური: რუსეთიდან შემოსული მოქალაქეების რაოდენობა 40-45%-ით გაიზარდა

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა ბოლო დღეებში 40-45%-ით გაიზარდა.

როგორც გომელაური ამბობს, ყოველდღიურად საქართველოში 10 000-მდე მოქალაქე შემოდის რუსეთიდან.

"რაც შეეხება იმას, რომ რუსეთის 250 000 მოქალაქე შემოვიდა, ეს აბსოლუტურად არასწორია, ტყუილია, მაგდენი არ შემოსულა და თქვენ საიდან მოგაქვთ ეს ციფრები, არ ვიცი. დაახლოებით 4-5 დღის წინ იყო 5 000- 6 000 ადამიანი შემომსვლელი, ახლა გაიზარდა 10 000-მდე, 40-45%-ით მოიმატა და არა 250 000 და 2 მილიონი. არ ვიცი, საიდან მოგაქვთ"- ამბობს გომელაური.

 

***

უკვე მეშვიდე დღეა, ლარსის გამშვები პუნქტის გავლით საქართველოში რუსეთის მოქალაქეები შემოდიან. 

დღეს ტელეგრამარხებზე გამოჩნდა ფოტოები, სადაც რუსეთის მხრიდან ლარსის გამშვებ პუნქტთან რუსი სამხედროებისა და ჯავშანტრანსპორტის გადაადგილება ჩანს, რაც მოგვიანებით რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმაც დაადასტურა.

26 სექტემბერს გამოცემა Meduza-მ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ხელისუფლება სამობილიზაციო ასაკის კაცებისთვის საზღვრების ჩაკეტვას აპირებს. მისივე თქმით, აკრძალვის შემოღების ყველაზე სავარაუდო თარიღი 28 სექტემბერია.

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს დაიწყო. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, გაწვევას ექვემდებარება ის, ვინც რეზერვში იმყოფება და აქვს შესაბამისი სამხედრო სპეციალობა და საბრძოლო გამოცდილება. სამთავრობო პორტალზე "Explain.rf" ნათქვამია, რომ "პრიორიტეტულად" მობილიზებას ექვემდებარებიან 35 წლამდე რიგითები და სერჟანტები, 50 წლამდე უმცროსი ოფიცრები, 55 წლამდე უფროსი ოფიცრები. Meduza-ს ინფორმაციით, ჯარისკაცები და სერჟანტები რეზერვში არიან 50 წლამდე, გენერლები კი უკვე 70 წლამდე.


close დახურვა