logo
ENG



გოცირიძე: ღარიბაშვილი პროვოკატორი და მოძალადეა, დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს

05 ივლ 202115:16
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/05/mt6wjxqgutfiiap.jpg

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე თბილისი პრაიდთან დაკავშირებით პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება და მის გადადგომას ითხოვს.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ღარიბაშვილმა ძალადობრივი ჯგუფები წაახალისა.

"პრემიერმინისტრი არის დამნაშავე, პროვოკატორი და მოძალადე. მისი განცხადება იყო წამახალისებელი იმ ბარბაროსული ქმედებებისა, რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება. ის დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს. ის არ არის პრემიერმინისტრი, ის არის ბიძინა ივანიშვილის ლაქია, მისი დავალებების შემსრულებელი.

ის ამბობს, რომ თურმე კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების რეალიზება, რასაც ცდილობდა დღეს საზოგადოების ერთი ჯგუფი, ყოფილა ოპოზიციის და ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებული. ეს არის პირდაპირი დანაშაული და ოპოზიციის პოლიტიკური დევნის გაგრძელება, რასაც წლების განმავლობაში ვხედავთ", - განაცხადა გოცირიძემ. 

მისივე თქმით, პარლამენტმა და პრეზიდენტმა რიგგარეშე სხდომა დაუყოვნებლივ უნდა მოიწვიონ.

"დაუყოვნებლივ, უნდა მოიწვიოს პარლამენტის თავმჯდომარემ და პრეზიდენტმა რიგგარეშე სხდომა, სადაც უნდა იყოს საუბარი ყველა იმ საკითხზე, რატომ მივედით აქამდე და რა არის გამოსავალი", - თქვა დეპუტატმა.

გოცირიძემ ასევე დიპლომატიურ კორპუსს მიმართა, თავიანთი მთავრობები საქმის კურსში ჩააყენონ იმისათვის, რომ საქართველოს მთავრობისა და მისი ცალკეული წევრების მიმართ სანქციების დაწესების საკითხი დღის წესრიგში დადგეს.

"დიპლომატიურმა კორპუსმა საკუთარი მთავრობა უნდა ჩააყენოს ობიექტურად საქმის კურსში. დროა, დაუწესდეს საქართველოს მთავრობას სანქციები, მის ცალკეულ წევრებს და პერსონალურად ბიძინა ივანიშვილს, ვინაიდან დღეს ის არის ქვეყნის რეალური მმართველი და არაფერი აქ არ ხდება უშუალოდ მისი ჩარევის გარეშე. პასუხისმგებლობა ეკისრება თანაბრად როგორ მთავრობას, ასევე საპატრიარქოს, რომელმაც გაუწია ორგანიზება დღევანდელი, ასეთი აღვირახსნილი, ძალადობრივი აქციისა", - განაცხადა რომან გოცირიძემ. 

ცნობისთვის, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 5 ივლისს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა, რომ "ღირსების მარში" მისთვის "მიზანშეუწონელი" და საფრთხის შემცველია. მანვე აღნიშნა, რომ "ღირსების მარშის" მიღმა ოპოზიცია დგას.

თბილისი პრაიდის კვირეული საქართველოში 1-ლი ივლისიდან დაიწყო. კვირეული ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, რომელიც დღეს, 5 ივლისს, 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე იყო დაგეგმილი. 

პრურუსულმა, აგრესიულმა, მოძალადე ჯგუფებმა კონტრაქცია დილიდან დაიწყეს. მათ დაარბიეს ოპოზიციის კარვები პარლამენტის წინ, სცადეს შეჭრა "სირცხვილიას" ოფისში, ასევე, შეიჭრნენ თბილისი პრაიდის ოფისის აივანზე აძვრნენ და ჩამოხიეს ლგბტქ დროშა. 

თავს დაესხნენ ათობით ჟურნალისტს, სცემეს და დაუზიანეს ტექნიკა. 

პრაიდის კონტრაქცია საპატრიარქომ დააანონსა. ძალადობრივ დარბევაში მონაწილეობენ პრორუსული ორგანიზაციის, ალტ ინფოს წარმომადგენლები. 

თბილისი პრაიდმა განვითარებული მოვლენების შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ "ღირსების მარში" #სოლიდარობისთვის დღეს არ შედგება. პრაიდის განცხადებით, ხელისუფლებამ მათ ხელი შეუშალათ, ესარგებლათ შეკრების უფლებით.


close დახურვა