რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ლაზარე გრიგორიადისი მისი დაკავების დღეს იხსენებს და შსს-ის თანამშრომლების მხრიდან უფლებების შესაძლო გადამეტებაზე საუბრობს. ის, ასევე, მიუთითებს სავარაუდო ზეწოლაზე და ამბობს, რომ ერთ-ერთმა პოლიციელმა მას აღიარებითი ჩვენების მიცემა მოსთხოვა და უთხრა, რომ ამ შემთხვევაში, მის მეგობრებს არ დაიჭერდნენ.
"ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა დამიწყო იმაზე საუბარი, რომ აღიარებითი ჩვენება უნდა მიმეცა, თორემ ჩემ მეგობარს დაიჭერდნენ. თქვი, რომ მოლოტოვი შენ ისროლე და მანქანა დაწვი და მარტო შენ დაგიჭერთ, შენი მეგობრები გადარჩებიანო. დავთანხმდი და სხვა კაბინეტში გადამიყვანეს, სადაც 2 გოგო და ერთი მამაკაცი იყო. სასამართლოზე გოგოებმა თქვეს, მხოლოდ ჩვენ ვიყავით ლაზარეს დაკითხვისასო.
იმ ოთახში სულ 5-6 ადამიანი ვიყავით, კაბინეტში ჩემგან მოშორებით მჯდომი ქალი თანამშრომელი ტანსაცმელს ლუქავდა, მეორემ ჩემი უფლებები განმიმარტა, ზარის განხორციელება და ადვოკატის ყოლის უფლება თუ მაქვს, ორივეს გამოვიყენებ-თქო.
კართან ის მაღალჩინოსანი იდგა, აღიარებაზე ვინც მესაუბრა და გამაფრთხილა ადვოკატის გარეშე მიცემ ჩვენებასო. მაგან რომ გაიგო ჩემი პასუხი, ამ გოგოს დაუძახა, მოდიო. შეშფოთებული სახით დაბრუნდა იქიდან, აშკარად არ მოეწონა რაც უთხრეს, უბრალოდ სასამართლოზე ვერ გაბედა სიმართლის თქმა, რომ მითხრა, ამჯერად უადვოკატოდ დავწეროთ და მერე ადვოკატთან ერთად ჩავასწოროთო. დაკითხვას რომ მოვრჩით, მერე ფეხსაცმელები მომაწოდა გიორგიმ [ლაზარე გრიგორიადისის მეგობარი - რ.თ.], ისიც ალბათ დასაკითხად ყავდათ მოყვანილი.
დაკითხვის მერე ვინც დამაპატიმრა, მაგან გამიყვანა მაღალჩინოსნის კაბინეტში, სიგარეტის მოწევა ხომ გინდოდაო. მომაწევინა, თავი კომფორტულად რომ მეგრძნო და მეკითხება: ლაზარე, სატანისტი ხარ? გამეცინა. არ მომატყუო, ხომ იცი მე ყველანაირ ადამიანებთან მიწევს ურთიერთობაო", - ამბობს გრიგორიადისი.
***
31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.
აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ მალევე სიძულვილის კამპანია დაიწყო, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მას არაერთხელ უწოდა "ორიენტაციაარეული".