დაკავებული აქტივისტის ლაზარე გრიგორიადისის ოჯახმა, მარტის აქციების კიდევ ერთმა ბრალდებულმა თორნიკე აკოფაშვილმა და თავისუფლების ინსტიტუტმა წარადგინეს პეტიცია, რომლითაც ითხოვენ ბრალდებული აქტივისტის საქმეები ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს.
მათ ერთობლივი განცხადება პარლამენტის შენობასთან გააკეთეს და საკანონმდებლო ორგანოს მიმართეს, რომ უახლოეს პერიოდში დამტკიცდეს საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც გაფართოვდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლება იმ ორ მუხლზე, რომლითაც აქტივისების ლაზარესა და თორნიკეს დავა მიმდინარეობს და მათი საქმე განიხილონ ნაფიცმა მსაჯულებმა.
ისინი პეტიციით ასევე ითხოვენ, რომ ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებამდე ლაზარე გრიგორიადისი გირაოთი გათავისუფლდეს.
ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის თქმით, მას არა სასამართლოს არამედ მოქალაქეების იმედი აქვს, რადგან მარტის აქციებზე ლაზარე "მოქალაქეების გვერდით იდგა".
"დღევანდელ სასამართლოში გამორიცხულია რამე სიმართლეს მივაგნოთ...იმიტომ მაქვს მოქალაქეების იმედი, რომ მაშინ ჩემი ბიჭი მოქალაქეების გვერდით იდგა და დარწმუნებული ვარ, ის მოქალაქეები ჩემს ლაზარეს ამ სიტუაციაში არ დატოვებენ“"- განაცხადა ლაზარე გრიგორიადისის მამამ.
თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორმა, სალომე ხვადაგიანმა კი განაცხადა რომ ხელისუფლებას და კლანურ სასამართლოს არ ენდობიან და სურთ აქტივისტები საქართველოს მოქალაქეებმა, ნაფიცმა მსაჯულებმა განსაჯონ.
"ვენდობით ჩვენ არა ამ სასამართლოს, არა ამ ხელისუფლებას, არამედ საქართველოს მოქალაქეებს და გვინდა, რომ ამ საქართველოს მოქალაქეებით შემდგარ ნაფიცმა მსაჯულებმა განსაჯონ, ლაზარე და თორნიკე არიან დამნაშავეები თუ არა" - განაცხადა თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორმა, სალომე ხვადაგიანმა.
პეტიციის ტექსტი:
„ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის დევნა პოლიტიკურად არის მოტივირებული და ამას ადასტურებს ლაზარეს წინააღმდეგ მიმდინარე ხელისუფლების უბინძურესი, შავრაზმული დემონიზების კამპანია, მისთვის მსჯავრის დადებამდე.
სისხლის სამართლის დევნა ასევე მიმდინარეობს თორნიკე აკოფაშვილის წინააღმდეგ, რომელიც ორი წელი ქართულ ჯარში მსახურობდა, ათი თვე უკრაინაში იბრძოდა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი 8 მარტის აქციაზე დააკავეს.
თავისუფალი სამყაროს ლიდერის, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული მოსამართლეების ხელით მართულ სასამართლოს არ შესწევს უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკურ ზეწოლას და მეტიც, ლაზარესა და თორნიკეს უსამართლო დევნაში მას საკვანძო როლი აქვს.
იმისთვის, რომ მართლმსაჯულების ხელით საქართველოს 21 წლის მოქალაქეების სამაგალითოდ დასჯა თავიდან ავიცილოთ, ლაზარესა და თორნიკეს საქმე უნდა განიხილონ არა სანქცირებული სასამართლო კლანის მიერ შერჩეულმა, დანიშნულმა და მართულმა მოსამართლეებმა, არამედ საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ.
სამართლიანობის უზრუნველსაყოფად, არსებითია, რომ მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში კორუმპირებული მოსამართლეები საქართველოს რიგითმა მოქალაქეებმა ჩაანაცვლონ.
"ნაფიცთა მსაჯულება მარტო იმითაა სანატრელი, მარტო იმითაა კარგი, რომ სჯის და მსაჯულობს სინიდისი ერისა და არა ჩინოვნიკისა" - ილია ჭავჭავაძე.
მოვითხოვთ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლება გაფართოვდეს იმ ორ მუხლზე, რომლითაც ლაზარესა და თორნიკეს სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს, კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილითა და 187 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარე ყველა სისხლის სამართლის, მათ შორის, არსებითი განხილვის ეტაპზე მყოფ საქმეზე, ლაზარე კი ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებამდე გათავისუფლდეს გირაოთი." - წერია პეტიციაში.
20 აპრილს დაკავებული აქტივისტის ლაზარე გრიგორიადისის ბაბუამ გია კალანდაძემ TV პირველის ეთერში განაცხადა, რომ აქვს სურვილი, ლაზარეს საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს.
საქართველოს კანონმდებლობით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მოქმედებს მძიმე კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებისთვის, როგორიცაა განზრახ მკვლელობის, ტრეფიკინგის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ორგანოებით ვაჭრობის ბრალდებები. პირის ბრალეულობას ან უდანაშაულობას, პროფესიონალი მოსამართლის ნაცვლად ნაფიცი მსაჯულები ადგენენ, რომლებიც საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები არიან.
31 მარტს სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 29 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავეს ერთი ადამიანი, ვინც მათი მტკიცებით, 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა. უწყება ამტკიცებს, რომ ამის შედეგად, პოლიციელებმა დაზიანებები მიიღეს.
შსს-ს განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს და 7-9 მარტს მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს "მომხდარ ძალადობრივ ქმედებებზე" საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ სიძულვილის კამპანია დაიწყო. უკვე ორჯერ ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ორიენტაციაარეული" უწოდა.