logo
ENG



დავით ბაქრაძე: აუცილებელია ამნისტიის კანონში სამი პრინციპის გათვალისწინება

26 აპრ 202116:38
3 წუთის საკითხავი
clock 821
დავით ბაქრაძე: აუცილებელია ამნისტიის კანონში სამი პრინციპის გათვალისწინება

პოლიტიკოსი დავით ბაქრაძე 20 ივნისის ამნისტიის კანონის შესახებ ავრცელებს განცხადებას და გამოყოფს სამ ძირითად პრინციპს, რომელიც, მისი თქმით, კანონის მიღებისას უნდა გაითვალისწინონ. მათ შორის, მისი თქმით, გასათვალისწინებელია დაზარალებულის თანხმობა, კონვენცია და აქტის გავრცელება მხოლოდ მიმდინარე საქმეებზე. 

დავით ბაქრაძის თქმითვე, ამ სამი პრინციპის გათვალისწინების გარეშე, თავად შეუძლებლად მიაჩნია პროექტის მხარდაჭერა:

"1. ამნისტია უნდა ითვალისწინებდეს დაზარალებულის აუცილებელ თანხმობას - ეს ნიშნავს, რომ ამნისტიით ვერ გათავისუფლდება ვერც ერთი პირი, თუ ამ პირის მიერ ჩადენილი უკანონო ქმედების მსხვერპლი არ იქნება თანახმა მისთვის პატიებაზე;

2. ამნისტია უნდა ითვალისწინებდეს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას - ეს ნიშნავს, რომ ამნისტიით ვერ გათავისუფლდება ვერც ერთი პირი, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება წარმოადგენს წამებას, არაადამიანურ მოპყრობას ან კონვენციით აკრძალულ სხვა დანაშაულს;

3. ამნისტია უნდა ითვალისწინებდეს მხოლოდ იმ კონკრეტულ დანაშაულებს, რომელზეც მიმდინარეობს უკვე დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა.

ეს ნიშნავს, რომ რადგან ქართულმა ოცნებამ აქამდე არ გამოიძია, თუ ვინ იყვნენ 20 ივნისს ბრძანების გამცემი და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირები, მომავალში  ობიექტური გამოძიების ჩატარების შემდეგ ამ ამნისტიით ვერ გათავისუფლდება ვერც ერთი პირი, რომელსაც დაუდგინდება ასეთი ტიპის დანაშაული", - აცხადებს ბაქრაძე. 

ბაქრაძის თქმით, ამნისტიის კანონში ამ სამი პრინციპის გათვალისწინებით, ერთის მხრივ, პირნათლად იქნება შესრულებული შარლ მიშელის დოკუმენტი და მეორეს მხრივ, დაკმაყოფილდება საზოგადოების  სამართლიანი პოზიცია.

ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი 19 აპრილს მოაწერეს.

დასავლელმა მედიატორებმა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას მოლაპარაკების მიღწევის მიზნით ახალი დოკუმენტი 18 აპრილს შესთავაზეს.

მასში, კრისტიან დანიელსონის წინადადებისგან განსხვავებით, ნახსენებია რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი. 

  • ახალ წინადადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 
  • რომ ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი - 0%-დან 2%-მდე. 
  • და რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.  

რა წერია მედიატორების შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტში, წაიკითხეთ აქ.

შეთანხმების დოკუმენტში, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა 19 აპრილს ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 2 საქმეში ნიკა მელიას და გიორგი რურუას საქმეები იგულისხმება. 

20 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შარლ მიშელთან ვახშმის შემდეგ სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ 27 აპრილს, როცა პარლამენტში ამნისტიის კანონის რეგისტრაცია მოხდება, სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას შეიწყალებს. 

დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიამ ციხე ამნისტიის კანონით უნდა დატოვოს, მოიაზრება გირაოს გადახდაც. 

მელიას გირაოზე უარს ამბობს, ასევე, მისთვის მიუღებელია ამნისტიის კანონის შინაარსი, ვინაიდან ის 20 ივნისის დამნაშავე პოლიციელებზეც უნდა გავრცელდეს. უცნობია, შეეხება თუ არა ამნისტია ბრძანების გამცემ პირებს. 

ევროკავშირს წერილით მიმართეს 20 ივნისს დაზარალებულებმა და მოითხოვეს, საქართველოს დაეხმარონ ისე, რომ არ შეილახოს მათი უფლებები. 

ასევე, საია-მ, რომელიც პარტიებს შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდებდა, ახლა მიმართავს მათ, არ დაუშვან 20 ივნისს პოლიციელთა დანაშაულებებზე ამნისტიის კანონის ინიცირება. 

ლელოს ლიდერები ევროპარლამენტარებს სთავაზობენ, რომ ნიკა მელიას თავდებში დაუდგნენ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ევროპარლამენატრები მზად არიან ჩაერთონ ლელოს ინიციატივაში და თავდებში ჩაუდგენენ ნიკა მელიას. 

ლელოს ინიციატივას ენმ-ის ყოფილი წევრი, სალომე სამადაშვილიც შეუერთდა.


close დახურვა