დავით გარეჯის საქმის მთავარი მოწმე, ბიზნესმენი დავით ხიდაშელი განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ კარტოგრაფიული მასალა, რომლის საფუძველზეც საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრები - ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს, ხელისუფლებისთვის არ ჩამოუტანია.
ხიდაშელის თქმით, მან ქვეყანას დაუბრუნა მტკიცებულებები, რომლებმაც აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების დროს მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს.
ბიზნესმენი მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი მისი ოჯახისთვის "დიდი განსაცდელია".
"უკანასკნელი დღეების განმავლობაში რა არ მოვისმინე საკუთარ თავზე სხვადასხვა ტელევიზიებიდან: რომ თურმე ვარ სამშობლოს მოღალატე და ოკუპანტი სახელმწიფოს ჯაშუში; რომ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში უდიდესი ძალისხმევის შედეგად მოძიებული უმნიშვნელოვანესი კარტოგრაფიული მასალის საქართველოში დაბრუნება - თურმე ქვეყნის მტრობა ყოფილა.
საქმე მხოლოდ უაპელაციო ბრალდებებში, ცილისწამებასა და ენითაუწერელ შეურაცხყოფებშიც არ არის, თუმცა, დამეთანხმებით, პოლიტიკიდან შორს მდგომი ადამიანისთვის და, განსაკუთრებით, მისი ოჯახისთვის, ესეც დიდი განსაცდელია.
გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ გაოგნებული ვარ საკითხისადმი ასეთი დამოკიდებულებით - აღნიშნული კარტოგრაფილი მასალა რომელიმე ხელისუფლებისთვის არ ჩამომიტანია. მე ჩემს სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, მათ შორის იმათაც, ვინც თავს მესხმის, ის მტკიცებულებები დავუბრუნე, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების დროს.
ნუთუ ქვეყნის სამსახური და მისი ინტერესების დაცვაში მოკრძალებული წვლილის შეტანა დანაშაულია?", - აცხადებს ხიდაშელი.
ცნობისთვის, დავით ხიდაშელისა და რუკების წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია 7 ოქტომბერს, გიორგი თარგამაძემ თავისივე საავტორო გადაცემაში გაასაჯაროვა. წყაროს ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს რუკები ქართულ ოცნებასთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა მიაწოდა, რომელმაც ეს ინფორმაცია, თავის მხრივ, რუსეთის საგარეო დაზვერვის საიდუმლო ოფიცრის, ოლეგ მუბარაშკინის დახმარებით მოიპოვა.
ხიდაშელი წლების განმავლობაში უმსხვილესი რუსული კორპორაციის სისტემას ვიცე-პრეზიდენტი იყო ინოვაციების დარგში, ხოლო მუბარაშკინი იმავე თანამდებობას იურიდიული განხრით იკავებდა. ამ კორპორაციას რუსული სპეცსამსახურები აკონტროლებენ და წამყვან თანამდებობებსაც მათი ხელდასხმული პირები იკავებენ.
ამასთან, ფორმულამ ექსკლუზიურად მოიპოვა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის მალხაზ მიქელაძის ჩვენება, საიდანაც ირკვევა, რომ ექსპერტების მიერ გვერდზე გადადებული 1936-1938 წლების რუკა 2018 წელს მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ გამოუსადეგრად მიიჩნია. ამის მიუხედავად, ჯანელიძე პროკურატურას ამ დრომდე არ გამოუკითხავს.
დავით გარეჯის საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები - ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ 7 ოქტომბერს დააკავა. გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".
8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
რა ვიცით დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების საქმეზე, წაიკითხეთ აქ.