ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი, ევროპელი დიპლომატი, კრისტიან დანიელსონი დღეს ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია, რომ მხარეები იყვნენ კონსტრუქციულები, რათა კომპრომისს მიაღწიონ. ის ასევე სალომე ზურაბიშვილთან აპირებს შეხვედრას.
"ოპოზიციასთან დღეს კარგი შეხვედრა გვქონდა და ვაპირებთ ამ შეხვედრების გაგრძელებას. მექნება შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთანაც. მაქვს კონკრეტული ამოცანა პრეზიდენტ მიშელისგან დაკისრებული, რომ დავეხმარო მხარეებს მედიაციის პროცესში. მნიშვნელოვანი სამუშაო უკვე ჩატარდა. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და არის სერიოზული საკითხები, რომელიც რჩება გადასაწყვეტი. მნიშვნელოვანია, რომ ახლა მხარეები იყვნენ კონსტრუქციულები, რათა მივაღწიოთ კომპრომისს", - ამბობს დანიელსონი.
დანიელსონი თბილისში 12 მარტს, გამთენიისას ჩამოფრინდა. იმავე დღეს შეხვდა ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს.
დანიელსონი გუშინ დილიდან ჯერ ქართულ ოცნებას შეხვდა, შემდეგ - ოპოზიციას, შემდეგ ისევ ქართულ ოცნებას. დღის ბოლოს გაერთიანებული სხდომა უნდა გამართულიყო, თუმცა შეხვედრის შემდეგ, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დისკუსიები პრემიერის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგაც გაგრძელდება, რადგან გარკვეული საკითხები დასაზუსტებელია, ხოლო ოპოზისიასთან ერთობლივი შეხვედრა აღარ გაიმართება. კობახიძის ამ განცხადების შემდეგ დანიელსონმა პრეს-კონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ საქართველოში კიდევ ერთი დღით დარჩებოდა.
დანიელსონი ოპოზიციას დღეს დილითაც შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ დანიელსონი შეეცდება, საქართველოში მხარეებს შორის შეთანხმებამდე დარჩეს.
მიშელმა საქართველოში გამართული ვიზიტისას, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მისი შუამავლობით შემდგარი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს 16 მარტს დაგეგმილი ვიზიტის დროს ევროპარლამენტში კონკრეტული შედეგებით ელიან.
მიშელმა საკითხების ჩარჩოც წარმოადგინა, რომელიც იმ საკვანძო თემებს მოიცავს, რომლის გარშემოც შემდგომი მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს.
დოკუმენტში სხვა რეფორმებთან ერთად ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაცაა შეტანილი.