საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი მარნეულში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ძალადობა დემოკრატიული არჩევნების ჩატარების გზა არ არის. მისი თქმით, ყველა პარტიის ლიდერმა თავიანთ მხარდამჭერებს ნათელი მესიჯი უნდა გაუგზავნოს, რომ ძალადობა მიუღებელია.
"მსურს მოვუწოდო ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერს, გაუგზავნონ მკვეთრი გზავნილები თავიანთ მხარდამჭერებს, რომ ძალადობა არც ერთი არჩევნების დროს არ არის მისაღები. ეს არ არის დემოკრატიული არჩევნების ჩატარების გზა.
ასევე მიუღებელია დაშინების ფაქტები, ასეთი ინციდენტები საქართველოს რეპუტაციას ლახავს. ვინც გინდათ იყოს ამ ძალადობის უკან, ყველა პარტიის ლიდერმა უნდა გაუგზავნოს ნათელი მესიჯი თავიანთ მხარდამჭერებს, რომ ძალადობა მიუღებელი და შეუწყნარებელია", - განაცხადა კელი დეგნანმა.
ბოლო პერიოდში მარნეულში რამდენიმე ინციდენტი მოხდა.
28 სექტემბერს ევროპული საქართველოს წარმომადგენელმა აჰმედ იმამკულიევმა განაცხადა, რომ ევროპული საქართველოს აქტივისტს, სავარაუდოდ, ტირის თოფი ესროლეს. ფორმულას ეთერში მან განაცხადა, რომ თავდასხმა ბანერის გაკვრის დროს მოხდა.
29 სექტემბერს თავს დაესხნენ მთავარი არხის ოთხ თანამშრომელს. მათ ჟურნალისტ ჯეიჰუნ მუჰამედალის სცემეს და თავი გაუტეხეს. ის თბილისის ნიუ ჰოსპიტალსში გადაიყვანეს. ჟურნალისტმა კლინიკა უკვე დატოვა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მათ გადამღებ ჯგუფსაც დაესხნენ თავს, ოპერატორს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრებს.
მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
ამასთან, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა რამდენიმე ადამიანის მიმართ, მათ შორის არის სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი მუმლაძე და მედიის წარმომადგენლები.
ოპოზიციური პარტიები ძალადობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და ამბობენ, რომ ეს არჩევნებში წაგების შიშზე მიუთითებს.
ინციდენტებს გამოეხმაურა მმართველი გუნდიც და პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძრაობას დააკისრა.