logo
ENG



დეგნანი სანქცირებულებზე: ხელს უშლიდნენ სხვებს, აღესრულათ მართლმსაჯულება ჩარევის გარეშე

06 აპრ 202315:59
3 წუთის საკითხავი
 
დეგნანი სანქცირებულებზე: ხელს უშლიდნენ სხვებს, აღესრულათ მართლმსაჯულება ჩარევის გარეშე

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ აშშ-ის მხრიდან 4 მოსამართლის სანქცირების ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ "ისინი ხელს უშლიდნენ სხვა მოსამართლეებს, მართლმსაჯულება ჩარევის გარეშე აღესრულებინათ".

დეგნანს მთავარი არხის ეთერში მურუსიძის გამოხმაურებაზეც ჰკითხეს, რომელმაც თქვა, რომ "აშშ-ის საელჩოს საქართველოში სასამართლო ხელისუფლების მისაკუთრება სურს", რაზეც დეგნანმა უპასუხა, რომ "რეაქციები ზედმეტად ემოციურია".

"სანქციები, რომლებიც გამოცხადდა გუშინ, არის მათ წინააღმდეგ, ვინც არიან ჩართულნი კორუფციულ საქმიანობაში და ხელს უშლიან დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მშენებლობას, მათ ეკრძალებათ აშშ-ში შესვლა და ეს მოითხოვება აშშ-ის კანონმდებლობის მიერ. როდესაც ჩვენ გვაქვს საკმარისი მტკიცებულება, რომ ეს ადამიანები ჩართულნი არიან კორუფციულ საქმიანობაში, ეს იყო გადამწყვეტი და სწორედ ამიტომ გამოცხადდა ეს სანქციები გუშინ.

რეაქცია, რაც ჩვენ ვნახეთ არის ზედმეტად ემოციური, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა სასამართლო სისტემასთან. ძალიან ბევრ მოსამართლეს შევხვედრივარ, ისინი არიან შრომისმოყვარეები, პროფესიონალები, კეთილსინდისიერები, რომ შეასრულონ თავიანთი საქმიანობა, აღასრულონ მართლმსაჯულება ჩარევის გარეშე, მათ ეს სურთ და ამის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. ეს 4 ადამიანი, დაფუძნებით სპეციფიკურ ინფორმაციაზე, რაც ჩვენ გვქონდა, ხელს უშლიდნენ ამ მოსამართლეებს თავიანთ სურვილში", - თქვა დეგნანმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კორუფციისთვის სანქციები დაუწესა მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ მათ, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესმა წევრებმა, ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.

სანქცირებასთან დაკავშირებით აშშ აცხადებს, რომ ჰქონდათ სანდო ინფორმაცია, რის თანახმადაც, მოსამართლეები ბოროტად იყენებდნენ საჯარო თანამდებობას კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობით. მათი თქმით, ეს აზიანებდა სასამართლო და საჯარო პროცესს, მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და ახდენდნენ მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირებას, პირადი სარგებლის მიღების მიზნით.

ამას გამოეხმაურა ერთ-ერთი სანქცირებული მოსამართლე, ლევან მურუსიძე და განაცხადა, რომ "არა უშავს". მისი თქმით, ამ ფაქტს "როგორმე გადაიტანს".

ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სასამართლო სისტემის პრობლემებზე მუდმივად საუბრობენ და მიუთითებენ, რომ არსებობს მოსამართლეთა ე.წ. კლანი, რომელთა წევრებად სწორედ აშშ-ის მიერ სანქცირებულ პირებს მოიაზრებენ. მათ არაერთხელ მოითხოვეს აღნიშნული მოსამართლეების პერსონალური სანქცირება.

ამ საკითხზე კომენტარი გაკეთებული აქვს ე.წ კლანის წევრს, ლევან მურუსიძესაც - მისი აზრით, ერთ-ერთი რიგითი მოსამართლეა, რომელიც საქმეებს იხილავს და პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარს არ აკეთებს. რაც შეეხება სანქცირების შესახებ კითხვას, მურუსიძემ ამას თავის დროზე ლექსით უპასუხა.


close დახურვა